მიხეილ სარჯველაძე: სასამართლოსთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აზრი არ მომწონს

პარლამენტი არ არის სტრუქტურა, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე უნდა იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ოპოზიციის მიერ ინიცირებული საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, კომისიის შექმნის აზრი არ მოსწონს.

“თუკი რაიმე სასანქციო პირობა არსებობს, ამის თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილია ჰქონდეს ინფორმაცია. მხოლოდ ღია წყაროებით გასული ინფორმაცია, სადაც არასამთავრობოების კრიტიკას ვისმენთ ცალკეული მოსამართლეების ან სასამართლო სისტემაში შესაძლო არსებული პრობლემების შესახებ, საკმარისი არ იქნება და რა თქმა უნდა, საზოგადოება უფლებამოსილი და ღირსია, გაიგოს, რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი ან წინაპირობა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საგამოძიებო კომისია ჩამოყალიბდეს, ეს აზრი არ მომწონს. პარლამენტი არ არის ადგილი, რომელმაც სასამართლო ხელისუფლების თანამდებობის პირების ქმედებათა კანონიერებაზე იმსჯელოს და რეაგირება მოახდინოს. ეს დააკნინებს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის პრინციპს. სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის უნდა იყოს დამოუკიდებელი აღმასრულებელი და საკანონმდებლო – პოლიტიკური ხელისუფლებისგან.

როდესაც კონკრეტული პირების წინააღმდეგ გადაწყვეტილება მიიღება, უნდა აიხსნას მიზეზი. უამრავი პასუხგაუცემელი კითხვა დაიბადა საზოგადოებაში, მათ შორის ის, რომ თუ შეერთებულ შტატებში კანონისმიერი მოვალეობაა, რომ ვინც სასამართლო ხელისუფლებაში არ მოსწონთ, დაასანქცირონ, რატომ არ იყო გადაწყვეტილება მიღებული 2012 წლამდე სასამართლოზე, რომლის თაობაზეც მთელი ევროპაა შეთანხმებული, რომ მაშინ სასამართლო შეუდარებლად უარესი იყო, ვიდრე დღესაა”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, კითხვაზე მოსალოდნელია თუ არა, რომ აშშ-ის გადაწყვეტილებამ კანდიდატის სტატუსის მიღებაზე ნეგატიურად იმოქმედოს, სარჯველაძე ამბობს, რომ „როდესაც სანქციების გამოყენების დროს კონკრეტულ საფუძვლებზე მითითება არ ხდება, არ შეიძლება ამან ნეგატიური გავლენა მოახდინოს ევროკომისიის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებაზე“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები