ეროვნულ ბიბლიოთეკაში გელა დუმბაძის პერსონალური გამოფენა გაიხსნა

პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს მხატვართა კავშირის წევრის, გელა დუმბაძის, პერსონალური გამოფენა გაიხსნა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, მინისტრის პირველი მოადგილე კახა სიხარულიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები – ალექსანდრე ხვთისიაშვილი, ვლადიმერ კონსტანტინიდი და სხვა მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„გელა დუმბაძის შემოქმედება აერთიანებს აკრილით შესრულებულ და გრაფიკულ ნამუშევრებს. გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შესრულებული 40-მდე ნახატი.
გელა დუმბაძე დაიბადა 1965 წლის 12 ივნისს. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი (1989 წელს) და საქართველოს დიპლომატიური აკადემია (2001 წელს). 1998 წლიდან მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში, ასევე, სხვადასხვა დიპლომატიურ პოზიციაზე საქართველოს საელჩოებში უკრაინაში, აზერბაიჯანში, რუსეთის ფედერაციასა და უზბეკეთში. 2014-16 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში, 2016-19 წლებში – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში.
2012-2019 წლებში უკრაინაში, კიევში, გაიმართა გელა დუმბაძის რამდენიმე პერსონალური გამოფენა: „კიევი, მისტიკური ფანჯრები“ (2012 წელი), „აკრილის დღიური“ (2018 წელი), „დაკარგული დროის ძიებაში“ (2019 წელი). 2019 წელს მხატვრის გამოფენა გაიმართა უკრაინაში საქართველოს საელჩოშიც.
აღსანიშნავია, რომ გელა დუმბაძე ქმნის ლიტერატურულ ნაწარმოებებსაც. გამოცემულია მისი ნოველების რამდენიმე კრებული: „ყვითელი ტროლეიბუსი“, „მე – მორბენალი“, „მიყვარს ვაშლი“. არის საქართველოს, ქართულ-გერმანული და ლიტვური ლიტერატურული კონკურსების ლაურეატი. გელა დუმბაძის პიესები იდგმება აზერბაიჯანისა და უკრაინის სახელმწიფო დრამატულ თეატრებში.
გელა დუმბაძე საქართველოსთვის ლევილის მამულის (საფრანგეთი) დაბრუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლით.
გამოფენა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში 8 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები