ინფლაციური წნეხის შემცირებასთან ერთად, ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც წლიური ინფლაციის 3 პროცენტიან მაჩვენებელს გულისხმობს, – ამის შესახებ ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ცუცქირიძე აღნიშნავს, მთავრობის ჩარევით და კონკურენციის სააგენტოს ეგიდით, ბენზინსა და მედიკამენტებზე ფასებმა, საშუალოდ, 40-80 პროცენტით დაიკლო.
„ინფლაციური წნეხის შემცირებასთან ერთად, ქვეყანა ნელ-ნელა უბრუნდება ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს, რაც წლიური ინფლაციის 3 პროცენტიან მაჩვენებელს გულისხმობს. ინფლაციის წლიური მაჩვენებელი თებერვალში 5 პროცენტამდეა შემცირებული, მიუხედავად კვლავ მაღალი საგარეო გამოწვევებისა და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში ინფლაციის კვლავ ორნიშნა მაჩვენებლისა.
ინფლაციის წლიური მაჩვენებლის შემცირებაზე, მნიშვნელოვანი ზეგავლენა იქონია აშშ დოლართან ლარის გაცვლითი კურსის ბოლო ათ თვეში 20 პროცენტიანმა გამყარებამ, და შესაბამისად, საწვავზე და მედიკამენტებზე ფასების შემცირებამ, თუმცა გააშიშვლა ის პრობლემები, რაც ეკონომიკის ცალკეულ სეგმენტებში ოლიგოპოლიური ფასწარმოქმნის შედეგია, რეალურად კი კარტერული გარიგებების. ეს ნავთობპროდუქტების ბაზარსაც ეხება, სააფთიაქო ქსელებსაც და საცალო სასურსათო ქსელებსაც.
ჩვენ ვნახეთ, რომ ფასებმა ბენზინზე და მედიკამენტებზე დაიკლო საშუალოდ 40-80 პროცენტით და მეტად, არა წმინდა საბაზრო კონკურენციის ან ლარის გამყარების შედეგად, არამედ მთავრობის ჩარევით, რაც ასევე კონკურენციის სააგენტოს ეგიდით განხორციელდა, როდესაც სასურსათო პროდუქციაზე ფასები 100 პროცენტიანი ფასნამატით ივაჭრებოდა.
მიმაჩნია, რომ ინფლაციის შემცირების მიუხედავად, კვლავ პრობლემად რჩება ადგილობრივი ინფლაცია, რადგან კვლავ მაღალია ფასები ადგილობრივ პროდუქციაზე, რაც მხოლოდ ცალკეული სასურსათო პროდუქციის დეფიციტის მიზეზი არ არის.
თუ თვალს გადავავლებთ თუნდაც აქ წარმოებული ბრენდირებული მინერალური წყლების ფასებს, ვნახავთ, რომ ფასები ბოლო ერთ წელიწადში 80-100 პროცენტით არის გაზრდილი.
წარმოუდგენელია ადგილობრივ მინერალურ წყლებზე ფასების ასეთი ზრდა ოდენ თვითღირებულების ზრდის შედეგი იყოს. ასეთ ფაქტორად პირველ რიგში საოპერაციო ხარჯებში გაყიდვების, საერთო და ადმინისტრაციული ხარჯების მკვეთრი ზრდა შეიძლება ყოფილიყო, რაც საცალო გაყიდვის ქსელებში ადგილობრივ პროდუქციის შეტანაზე დაწესებული ფასნამატით ხორციელდება, მათ შორის მინერალურ წყლებზე სულ მცირე 35 პროცენტიანი შეტანის ე.წ. საკომისიოთი, აქ საცალო ქსელებს და სუპერმარკეტებს ვგულისხმობ, რასაც ემატება დებიტორული დაცალიანებების ქრონიკული ზრდის ტენდენციაც, ანუ ფულის დაბრუნების ვადაგადაცილებებია, სრულიად ბუნებრივია, ეს გაზრდილი ფასებიც!
მაგრამ პრობლემის თავი და თავი აქაც ოლიგოპოლიური ბაზრის სეგმენტაციაშია და დიდი ალბათობით, კარტერულ გარიგებებშია საძიებელი.
ამ საკითხის პოლიტიკური ნაწილი კი სააფთიაქო ქსელების მფლობელების პოლიტიკურ ორიენტაციამდე მიგვიყვანს! როდესაც დეპუტატი ნაცი ოქრიაშვილი ყველაზე მოთხოვნად კიბოს მედიკამენტზე ფასს ერთ თვეში 753 ლარიდან 2970 ლარამდე გაგიძვირებს ანუ ფაქტობრივად ოთხჯერ, საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო დაფინანსების მიუხედავად, სულ სხვა მოცემულობას გვაძლევს.
ეს არის სწორედ იმ რევოლუციური სცენარის ნაწილი, და ოლიგოპოლიის ამბოხი, რაც ადგილობრივი ინფლაციის მაპროვოცირებელ ფაქტორად და მოსახლეობის გაბრაზებაზე, ასევე სოციალური ფონის დამძიმებას ემსახურება, არსად ევროპაში ადგილობრივ პროდუქციაზე მეტი პრეფერენცია შეტანილ საქონელს არა აქვს და კვოტებიც სწორედ საიმპორტო პროდუქციაზეა და არა ადგილობრივის შეზღუდვაზე!
ისე ამ საცალო ქსელების მესაკუთრეთა პოლიტიკურ წარმომავლობაზე, რომ არ გავაკეთო ზედმეტი აქცენტირება, მოვუწოდებ კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს კარტერული გარიგებების დაშვება და მოკვლევა ამ მიმართულებითაც დაიწყოს!
ქვეყანა შედის უმძიმეს წინასაარჩევნო ციკლში, სადაც გარე ფაქტორები არის მკვეთრად გააქტიურებული და არა ქართული ოცნების სასარგებლოდ. ამიტომ, ხელისუფლების სახელმწიფოებრივი ამოცანაც არის მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტის გამოყენება, დესტაბილიზაციის ასაცილებლად და ქვეყნის 2024 წლამდე დიდი რყევების გარეშე მისაყვანად!“, – წერს ცუცქირიძე Facebook-ზე.