დიმიტრი გვრიტიშვილი: მივმართავ პრემიერს, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა
“მივმართავ პრემიერს, დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც აშშ-მა 4 მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
გვრიტიშვილის თქმით, მთავრობა სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე პასუხისმგებელია.
„საფრთხე არსებობს, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა მოისპოს. საქართველოს მთავრობა პასუხისმგებელია სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვაზე. ამიტომ მე, როგორც მოსამართლე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მივმართავ საქართველოს მთავრობას, პრემიერს, რომ დაუყოვნებლივ, უმოკლეს ვადებში დააორგანიზოს ჩვენთან, მოსამართლეებთან შეხვედრა. ჩვენ მას სრულად წარვუდგენთ იმ ინფორმაციას, რაც გვაქვს. იმ კულუარულ ზეწოლებზე ინფორმაციას, რაზეც ლევან მურუსიძე და მე ვსაუბრობთ. მხოლოდ მას მივაწვდი სრულყოფილ ინფორმაციას. შემდეგ დაველოდები რა იქნება საქართველოს მთავრობისგან რეაგირება. იმის შემდგომ დავგეგმავთ ჩვენს ქმედებებს“,- აღნიშნა გვრიტიშვილმა.