ლევან მურუსიძე: მაქვს მტკიცებულებები, რომ კონკრეტული ჩარევები ხდებოდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან – საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოება ამას ნახავს და დარწმუნდება

ჩემთან პირადად, წლების განმავლობაში მოდიოდნენ აშშ-ის საელჩოს წარმოადგენლები და პირდაპირ მეუბნებოდნენ, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მათთვის სასურველი იქნებოდა, რომ ყოფილიყო ესა და ეს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული ყოფილიყო ესა და ეს გადაწყვეტილება, კონფერენცია ჩატარებულიყო ამა და ამ დღეს – ამის მტკიცებულებებიც მაქვს. შესაბამისად, ეს კონკრეტული ჩარევები როდესაც ხდებოდა აშშ-ის საელჩოს მხრიდან, ამას საჭიროების შემთხვევაში საზოგადოება ნახავს და დარწმუნდება. – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც მურუსიძემ აღნიშნა, აშშ-ის მიერ ქართველი მოსამართლეებისთვის სანქციების დაწესება არის მორალური ტერორის მცდელობა. მისივე თქმით, საქართველოში ამერიკის საელჩო, დაფინანსებას იყენებს არა სასამართლოს კეთილდღეობისთვის, არამედ სასამართლო სისტემაში დაპირისპირების გაჩენისთვის. მისი თქმით, ამას ადასტურებს ელჩის სხვადასხვა სასამართლოებში განხორციელებული ვიზიტებიც.

„რეალურად, მე ხომ მარტო არ ვარ, დაასანქცირეს ოჯახის წევრები, ახლა ხდება მორალური ტერორი საელჩოს მხრიდან, მათ შორის, ქართული სტაფის მხრიდან ჩხეიძის ხელმძღვანელობით, რომელსაც 25 მილიონი აქვს ბიუჯეტი მაგრამ სასამართლოს კეთილდღეობისთვის ამას არ იყენებენ, იყენებენ იმისთვის რომ სასამართლო სისტემაში მომხდარიყო დაპირისპირება, არაჯანსაღი სიტუაცია და ამას ცდილობდნენ მუდმივად.
თვითონ ქალბატონი ელჩი, დადიოდა სასამართლო-სასამართლო, ხვდებოდა მოსამართლეებს რაც მიმაჩნია, რომ იყო წარმოუდგენელი და ცდილობდა, მისი გავლენები მოეხდინა სათითაოდ მოსამართლეებზე, რათა შემდეგ მათი მხრიდან მომხდარიყო სასამართლო სისტემაში დაპირისპირება.“ – განაცხადა მურუსიძემ.

ლევან მურუსიძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს სიხარულით შეხვდნენ, თუმცა, მის მიმართ მოსამართლეების მიერ გამოხატული თანადგომა აფიქრებინებს, რომ ეს მიზანი ვერ შესრულდება.

„არასამათავრობო ორგანიზაციების ჟივილ-ხივილია, მხიარულება ისმის მათი, სასამართლო სისტემაში მოხდება დაპირისპირებაო, გულწრფელად გეუბნებით, იმდენმა მოსამართლემ გამოხატა მხარდაჭერა ჩემ მიმართ, რომ მგონი, ისე მიდის სიტუაცია, ის მიზანი, რასაც ეს სანქციები ითვალისწინებდა, რომ სასმართლო სისტემაში წავიდოდა არაჯანსაღი პროცესები და შესაბამისად, მოხდებოდა არეულობა და სასამართლო სისტემის დაქვემდებარება აშშ-ის საელჩოსადმი, ეს მეეჭვერბა მოხდეს.“ – განმარტა მურუსიძემ.

მისივე თქმით, იმდენად დიდია საელჩოს სურვილი, ამერიკას დაუქვემდებარონ სასამართლო ხელისუფლება, არ არის გამორიცხული, სიცოცხლის მოსპობის მცდელობაზეც წავიდნენ.

„ვფქირობ, ისინი ამაზე არ შეჩერდებიან და ხანდახან ვფიქრობ, შეიძლება სიცხოცხლის მოსპობაზეც წავიდნენ. იმდენად დიდია მათი მიზანი, რომ სასამართლო ხელისუფლება ჩაიგდონ ხელში, რაც წლების განმავლობაში ვერ მოახერხეს იმ არასამთავრობოებმა, პარტიებმა – რომ ამოეწურათ იმედი და მიხვდნენ, რომ ამ ძალებით, რითაც ცდილობდნენ სასამართლო ხელისუფლების მიტაცებას, ვერ მიაღწევდნენ მიზანს, საბოლოო ჯამში.“ – განაცხადა ლევან მურუსიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები