ირაკლი ჩიქოვანი – სანქციებზე: ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ხელს უწყობს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირება პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას უწყობს ხელს.

“გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ძალიან მნიშვნელოვანია, არსებობდეს კონკრეტული დასაბუთებები, ვინაიდან ეს ეხება ხელისუფლების ერთ-ერთ შტოს. ამგვარი გადაწყვეტილება ნეგატიური შინაარსის მატარებელია. ხაზი მინდა, გავუსვა იმ გარემოებას, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობის ძალიან მაღალი დონე გვაქვს, მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება ამ დონეს არ შეესაბამება. თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე არაერთი კარგი შედეგი დავდეთ არა მარტო საქართველოსთვის, არამედ გლობალური უსაფრთხოებისთვის.

ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ასეთი გადაწყვეტილებები, ამ შემთხვევაში ხელს უწყობს პოლარიზაციის კიდევ უფრო გაღრმავებას. უკვე დავინახეთ, რომ ეს გადაწყვეტილება კონკრეტული რევანშისტული და დესტრუქციული პოლიტიკური ძალების მხრიდან გამოყენებულია, რომ კიდევ უფრო გაღრმავდეს პოლარიზაცია. ძალიან მნიშვნელოვანია გაჟღერდეს საფუძვლები, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილებები. რაც შეეხება შემდეგ მოქმედებებს, ჩვენ გვექნება კონსულტაცია გუნდში, როგორც კი იქნება გადაწყვეტილებები გაცნობებთ“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, აშშ-მა 4 მოსამართლეს: მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები