ლევან მურუსიძე – სანქციებზე: სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს, ეს გააკეთეს და სხვა მოსამართლეებს სიგნალი გაუგზავნეს
ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას და მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა, – ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ განაცხადა.
„საბოლოოდ, ღირსება მაინც ყველაზე მაღლა დგას და მე არ ჩამიდენია ისეთი რამ, რასაც სანქცირება უნდა მოჰყოლოდა. რადგანაც სხვა ბერკეტი ვერ მოძებნეს სასამართლო სისტემის ხელში ჩასაგდებად, გააკეთეს ეს და გაუგზავნეს სიგნალი სხვა მოსამართლეებს და უთხრეს, რომ აი, ხედავთ, მურუსიძეს ჩვენ რა გავუკეთეთ, ამიტომ, დაემორჩილებით ჩვენს დიქტატს?! კი ბატონო, შესაბამისად, თქვენც იქნებით ამ სასამართლო სისტემაში.
არავის უთქვამს, რომ აბა, ბატონო ლევან, მობრძანდით და თქვენ რომ ამ ბრალდებას გიყენებთ კორუფციაში, თქვენ რა არგუმენტები გაქვთ საპირისპირო. გამოდის აშშ-ის ელჩი, ძლიერი გავლენიანი ქვეყანაა, ხომ? რა თქმა უნდა, მურუსიძეს მოერევა, ბუნებრივია, მაგრამ რომ გეძახის, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ სიმართლეს საუბრობს“, – განაცხადა მურუსიძემ “ქრონიკასთან”.
ცნობისთვის, აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.