არჩილ თალაკვაძე: თუ სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებს არ მოსწონთ ექიმების მიერ გაწეული სამუშაო, გვითხრან, თვითონ რა მკურნალობის სქემა შესთავაზეს სააკაშვილს
მმართველი გუნდის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებს თუ არ მოსწონთ, როგორ მკურნალობენ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს ექიმები, მაშინ უნდა თქვან, რა მკურნალობის სქემა შესთავაზეს მას.
„თუ კონსილიუმის წევრები მიიჩნევენ, რომ არა კვების შეწყვეტის, არა მკურნალობაზე უარის თქმის, არამედ სხვა მიზეზებით უარესდება სააკაშვილის ჯანმრთელობა, მაშინ ჩვენ გვაინტერესებს, რომ მათ გამოაქვეყნონ თვითონ რა სამედიცინო დანიშნულება მისცეს პაციენტს და ამ სამედიცინო დანიშნულებას ასრულებს თუ არა პაციენტი. თუ მათ არ მოსწონთ ექიმების მიერ გაწეული სამუშაო, გვითხრან, თვითონ რა მკურნალობის სქემა შესთავაზეს მიხეილ სააკაშვილს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ ანგარიში გაასაჯაროეს.