ირაკლი ჩიქოვანი: საქართველოში პრობლემაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, რასაც ეწევიან კონკრეტული ოპოზიციური ძალები
“ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების განცხადებაში ნათლად ასახულია, რომ საქართველოს დიდი პროგრესი აქვს მიღწეული, მათ შორის ევროსაბჭოს მხარდაჭერით, თუმცა იქ მოყვანილი განცხადებები გარკვეულწილად ურთიერთსაწინააღმდეგოა, მათ შორის სხვა რეკომენდაციებთან, რომლებიც ჩვენ გვაქვს”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში პრობლემაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, რასაც კონკრეტული ოპოზიციური ძალები ეწევიან.
„დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით როდესაც იყო საუბარი, ჩვენ მივიღეთ რეკომენდაცია ევროკომისიისგან, ამ საკითხის გადაწყვეტის ერთადერთი შესაძლებლობა და მაგალითი არსებობდა უკრაინაში დღეს მოქმედი კანონი. შესაბამისად, ეს კანონი ავიღეთ სახელმძღვანელოდ. ვენეციის კომისიამ ხაზი გაუსვა, რომ არსებობს ორი მიდგომა – როგორც სისტემური, ისე პერსონალიზებული. ტექნიკური დეტალებია დასაზუსტებელი, თუმცა, ვენეციის კომისიას არ გამოურიცხავს ამ კანონპროექტის კანონად ქცევა. სამწუხაროა, რომ ასეთი ურთიერთგამომრიცხავი რეკომენდაციები იძლევა. ეს საზოგადოებისთვის დამაბნეველია. ყველაფერს როდესაც ვაკეთებთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტიანად იყოს შესრულებული 12 რეკომენდაცია, ასეთი რეკომენდაციები ხშირ შემთხვევაში, ბევრ უსაფუძვლო შეკითხვას აჩენს. პოლარიზაცია კვლავაც გამოწვევადაა მიჩნეული. საქართველოში პრობლემა პოლარიზაცია კი არ არის, პრობლემაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, რასაც ეწევიან კონკრეტული ოპოზიციური ძალები. მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“, „ტროიკა“ და მათზე აყოლილი მედიასაშუალებები. ევროკავშირის რეკომენდაციებთან მიმართებით ერთიანი პოზიციის მისაღწევად ჩვენი მხრიდან ძალიან მკაფიოდ და სწრაფად იყო შეთავაზებული სამუშაო ჯგუფებიც და თანამონაწილეობა საკანონმდებლო პროცესში. ყველამ კარგად დაინახა, რომ არც სამუშაო ჯგუფებში, არც კანონმდებლობის განხილვაში ოპოზიციური პარტიების აბსოლუტურ უმრავლესობას, რადიკალურ ოპოზიციას არ მიუღია მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, ოპოზიციამ, „ტროიკამ“ და„ ნაციონალურმა მოძრაობამ“ ევროინტეგრაციის პროცესი საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ არ გამოიყენოს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა მოქმედება თუ უმოქმედობა მიმართულია არა „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, არამედ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.