ანსამბლებს – „მარგალიტსა“ და „ადილეის“ კულტურის სამინისტროსგან ახალი სასცენო სამოსი გადაეცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსგან ქალთა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ანსამბლ „მარგალიტსა“ და მგალობელ-მომღერალთა გუნდ „ადილეის“ ახალი სასცენო სამოსი გადაეცა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი და ანსამბლების წევრები დაესწრნენ.
„ანსამბლ „მარგალიტს“ გადაეცა სასცენო სამოსის 14 კომპლექტი, კერძოდ, ქალის ჩოხის კომპლექტი (კახური) და რაჭული, თუშური, ფშაური, აჭარული და ინგილოური სასცენო კაბები. ანსამბლ „ადილეის“ გადაეცა 10 ჩოხა-ახალუხის კომპლექტი.
ახალი სასცენო სამოსი შეკერა ტენდერით შერჩეულმა კომპანია „ფაფანაკმა“, რომელთანაც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2022 წელს 133 360 ლარის ღირებულების ხელშეკრულება გააფორმა. „ხელშეკრულების თანახმად, კომპანიამ სასცენო სამოსი შეკერა რვა ფოლკლორული ანსამბლის: „შავნაბადას“, „ადილეის“, „იალონის“, „მარგალიტის“, „გურჯაანის“, „მთიების“, ქ. ინეგოლის (თურქეთის რესპუბლიკა) ანსამბლისა და „სათანაოსთვის“.
აღნიშნული ანსამბლები კულტურის სამინისტრომ ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრთან თანამშრომლობით შეარჩია.
ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ანსამბლი „მარგალიტი“ 2020 წელს დაარსდა, თუმცა მისი წევრები უკვე ათი წელია, ერთად მღერიან.
დღეს „მარგალიტი“ 14 წევრისგან შედგება. ანსამბლის რეპერტუარი აერთიანებს ქართული ტრადიციული მუსიკის სამივე მიმართულებას – საეკლესიო გალობას, ტრადიციულ ფოლკლორსა და ქალაქურ სიმღერას. გუნდის რეპერტუარში ასევე შეხვდებით სხვადასხვა კომპოზიტორის სიმღერებს, ქართული და უცხოური ტრადიციული მუსიკის არანჟირებას.
ანსამბლმა „მარგალიტმა“ გამოსცა ერთი CD-ალბომი, სახელწოდებით: „ყური დაუგდე ჩემსა სიმღერას“, რომელიც ქალაქური მუსიკის რამდენიმე მიმართულებას აერთიანებს. აუდიოალბომის პრეზენტაცია და ანსამბლის პირველი სოლო კონცერტი 2022 წლის ნოემბერში გაიმართა.
2022 წლის ოქტომბერში, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, „მარგალიტის“ სოლო კონცერტი გაიმართა წეროვანის დევნილთა დასახლებაში. ანსამბლი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც მის აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებასა და პროფესიულ ზრდას განაპირობებს.
მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ადილეი“ 2012 წელს ჩამოყალიბდა, მსმენელის წინაშე კი პირველად 2014 წელს წარდგა. გუნდი ამჟამად 10 წევრისგან შედგება.
2014 წლიდან „ადილეი“ აქტიურად ჩაება საკონცერტო საქმიანობაში, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ღონისძიებაში, რომელთაგან აღსანიშნავია კონცერტები რუსთავის მე-5 ქალთა დაწესებულებაში, მონაწილეობა ტრადიციული მრავალხმიანობის VII და IX საერთაშორისო სიმპოზიუმებში, სოლო კონცერტი კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში („საახალწლო მუსიკალური შეხვედრების“ ფარგლებში), შეხვედრა-კონცერტები ცნობილ უცხოელ მუსიკოსებთან (Jordi Savall, Sergio Azzolini, Elisabeth Leonskaja ) და ა.შ.
„ადილეიმ“ კონცერტები, ვორკშოპები და სემინარები ჩაატარა იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა და აშშ-ში. გუნდი თანამშრომლობს სხვადასხვა ქართველ თუ უცხოელ მუსიკოსთან. „ადილეიმ“ გამოსცა CD-ალბომი, ფირფიტა და სასწავლო ჩანაწერები.
გუნდის ძირითადი მიზანია ფოლკლორის პოპულარიზაცია. მისი რეპერტუარის მთავარი წყაროა ძველი ჩანაწერები. მომღერლები ცდილობენ, ამ სიმღერების მხოლოდ ასლები კი არ შექმნან, არამედ საკუთარი ვარიანტები იმღერონ, რადგან ეს ძველ ნიმუშებს ახალ სიცოცხლეს სძენს.
სახელმწიფო და კერძო ფოლკლორული ანსამბლების წინაშე არაერთი პრობლემაა, რომელთაგან ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური მაღალი ხარისხის, ინდივიდუალური ესკიზების მიხედვით შექმნილი ტრადიციული სასცენო სამოსის ნაკლებობაა. დაახლოებით 15 წელია, სახელმწიფოს ანსამბლებისთვის სასცენო სამოსი არ გადაუცია. სწორედ ამიტომ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2021 წლის დეკემბერში გამოყო 197 999 ლარი და გამოცხადდა პირველი ტენდერი. 2022 წლის პირველ ნახევარში სასცენო სამოსი (70 კაბა და 277 ჩოხის კომპლექტი) შეიკერა 12 ანსამბლისთვის.
2023 წელს სასცენო სამოსის დასამზადებლად გამოყოფილია 150 000 ლარი. მოთხოვნა წარადგინა 20-ზე მეტმა ანსამბლმა“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.