საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი მალხაზ გორგილაძე 85 წლის გახდებოდა
დღეს საქართველოს დამსახურებული არტისტი, ქართული კინოსა და თეატრის ცნობილი მსახიობი მალხაზ გორგილაძე 85 წლის გახდებოდა. კულტურის სამინისტრო პატივს მიაგებს მალხაზ გორგილაძის ხსოვნას და ქართული კულტურის წინაშე მის დამსახურებას.
„მალხაზ გორგილაძემ 1960 წელს დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი. 1960-1963 წლებში მუშაობდა სანკულტურის თეატრში, 1963-1967 წლებში – მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში, 1967-1975 წლებში – რუსთავის თეატრში. 1975 წლიდან იგი მარჯანიშვილის სახელობის თეატრში დაბრუნდა და სიცოცხლის ბოლომდე ამ თეატრის მსახიობი იყო.
მსახიობის მიერ თეატრში შესრულებული როლებიდან აღსანიშნავია: პიატორკინი (მ. გორკის „ვასა ჟელეზნიოვა“), მეშემი (ვ. სკრიბის „ჭიქა წყალი“), კონკეი (ჯ. პრისტლის „დრო და კონკეის ოჯახი“), კორობეინიკოვი (ა. არბუზოვის „სახლი ქალაქის განაპირას“), ვახტანგი (ლ. იოსელიანის „ჩვენი ერთი საღამო“), ჯიბო (ო. იოსელიანის „ცეცხლთან თამაში“), კრისტიანი (ე. როსტანის „სირანო დე ბერჟერაკი“), ზაზა ნაკაშიძე (ნ. დუმბაძის „საბრალდებო დასკვნა“), სასიძო (ფედერიკო გარსია ლორკას „სისხლიანი ქორწილი“), ვაჟა (ლ. თაბუკაშვილის „ძველი ვალსი“), სტეკლოვი (მ. შატროვის „30 აგვისტო“), ანატოლი (ნ. დუმბაძის „მე ვხედავ მზეს“) და სხვა.
მალხაზ გორგილაძე კინოეკრანზე პირველად 1958 წელს გამოჩნდა ფილმში „ნინო“. მსახიობმა ლირიკული გმირის დასამახსოვრებელი სახე შექმნა ფილმში „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“. კინოში შესრულებული როლებიდან, ასევე, აღსანიშნავია: ემზარი („ენგურის ნაპირებზე“, დ. რონდელი, 1961 წ.), ჯარისკაცი (სატელევიზიო ფილმ-ოპერა „ჯილდო“, ლ. თაქთაქიშვილი, 1963 წ.), თავადი მიქელაძე („დათა თუთაშხია“, გ. ლორთქიფანიძე, 1978 წ.), რევაზი („ლევან ხიდაშელი“, ვ. ტაბლიაშვილი, 1973 წ.) და ა.შ.
მალხაზ გორგილაძე გამოირჩეოდა გარეგნობითა და არტისტული ხიბლით, დახვეწილი მანერებითა და მეტყველების კულტურით.
1979 წელს მალხაზ გორგილაძეს საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება მიენიჭა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.