ირაკლი პეტრიაშვილი: მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც საზღვარგარეთ სტუდენტებს ასაქმებენ
„საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ თავმჯდომარის, ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც საზღვარგარეთ სტუდენტებს ასაქმებენ.
ამის შესახებ პეტრიაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„ჩვენ გერმანიაში დასაქმებულმა 16-მა სტუდენტმა მოგვმართა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააკონტროლოს ე.წ კერძო დასაქმების სააგენტოები, რომლებიც ამ საკითხებით არიან დაკავებულები. უცხოეთში დასაქმებას უარყოფით კონტექსტში არ განვიხილავ, მით უმეტეს, სტუდენტურ დასაქმებას, მაგრამ ეს ღირსეული დასაქმება უნდა იყოს და არა – ისეთ პირობებში, როგორშიც ეს 16 გოგონა იყო დასაქმებული. ისინი არიან სტუდენტები, სურვილი გამოთქვეს, რომ სტუდენტურ დასაქმებაში ყოფილიყვნენ ჩართულები. დასაქმების სააგენტოსთან ხელშეკრულება გააფორმეს, რომლის ასლი არ აქვთ. გერმანიაში ხელშეკრულება იმ კომპანიასთან გააფორმეს, სადაც დასაქმდნენ და ხელშეკრულების ასლი ასევე არ აქვთ. ხელშეკრულება გაფორმებულია იმ ენაზე, რომელიც ამ გოგოებმა არ იციან. საცხოვრებელი ადგილიდან დაწყებული, სამუშაო ადგილით დამთავრებული, ამ ადამიანებს სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ნაცვლად იმისა, რომ დასაქმებულიყვნენ შოკოლადის ქარხანაში, BMW -ს ქარხანაში 15-კილოიანი ტვირთების ზიდვა უწევდათ, რის შედეგადაც ერთ-ერთის ჯანმრთელობა დღესაც სავალალო მდგომარეობაშია. ხელფასების უკანონოდ დაკავება ხდებოდა, იყო უხეში მოპყრობა, ცუდი საცხოვრებელი პირობები, უაზრო გადასახადები. მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის გადასახადი, მიუხედავად იმისა, რომ მრწამსით კათოლიკეები არ არიან. ეს ჩვეულებრივი თაღლითობა და კლასიკური ტიპის მონური შრომაა, რაც, ბუნებრივია, ევროპას არ ეკადრება, მაგრამ ევროპას ეკადრება ის, რომ ამ ხალხის უფლება დაცული იქნება. გერმანული მხარის ჩართვა ყველა დონეზე მოვახერხეთ, პროფკავშირებიდან დაწყებული სამთავრობო უწყებებით დამთავრებული“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.