კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, დიდი ირანელი პოეტის, ფირდოუსის, ნაწარმოების – „შაჰნამეს“ სრული ქართული თარგმანის პირველი ოთხი ტომი გამოიცა. კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ეს „შაჰნამეს“ პირველი სრული ქართული თარგმანია.
თარგმანი ცნობილი ქართველი პოეტისა და მთარგმნელის, ბელა შალვაშვილის, თითქმის 50-წლიანი თავდადებული შრომის ნაყოფია.
გამოცემის პრეზენტაცია აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ: თავად მთარგმნელი ბელა შალვაშვილი, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ქეთევან დუმბაძე, ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჰმუდ ადიბი, აკადემიური და ლიტერატურული სფეროებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს წარმომადგენლები.
„პროექტის განსახორციელებლად სამინისტრომ 65 000 ლარი გამოყო. „შაჰნამეს“ პირველი ოთხი ტომი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამომცემლობა „მერიდიანმა“ გამოსცა.
„შაჰნამე“ ანუ „მეფეთა წიგნი“ ვრცელი ლეგენდარულ-მითოლოგიური და საგმირო-სარაინდო ეპოსია, რომელიც ორმოცდაათამდე მეფის ცხოვრებაზე მოგვითხრობს. ტექსტი დაწერილია მესნევის ფორმით (ორსტრიქონიანი წყვილად შერითმული სალექსო ფორმა, გავრცელებული კლასიკურ სპარსულ პოეზიაში), რომლისთვისაც დამახასიათებელია სისადავე და უშუალობა, რასაც ხატოვანება და ემოციური აზროვნებაც ბუნებრივად ერწყმის.
თანამედროვე ქართულ ენაზე „შაჰნამეს“ ცალკეული ნაწილები თარგმნეს ამბაკო ჭელიძემ, მაგალი თოდუამ, ალექსანდრე ელერდაშვილმა. ბელა შალვაშვილის თარგმანი კი პირველი სრული და ორიგინალს მიახლოებული თარგმანია.
„შაჰნამე“ სხვადასხვა დროს მრავალ ენაზე ითარგმნა, თუმცა სრული ქართული თარგმანი, რომელიც ერთმა მთარგმნელმა შეასრულა, მსოფლიოში ერთადერთია. ბელა შალვაშვილმა „შაჰნამეს“ თარგმნა თავისი მასწავლებლის, ვახუშტი კოტეტიშვილის, დავალებით 1970 წელს დაიწყო და 2016 წელს დაასრულა. სამწუხაროდ, არაერთი ცდის მიუხედავად, წლების განმავლობაში თარგმანის გამოცემა ვერ ხერხდებოდა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ძალისხმევით ამ უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და 2023 წელს, ქართული თარგმანის V-IX ტომების გამოცემით, დასრულდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.