ნიდერლანდებში სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 50-მდე ადამიანი იმყოფებოდა, რელსებიდან გადავიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ის რკინიგზის ლიანდაგზე მყოფ სამშენებლო ამწეს შეეჯახა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ავარიას, სულ მცირე, ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ათობით მგზავრი დაშავდა, მათგან 19 საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.
სააგენტო ANP-ის ცნობით, შეჯახების შემდეგ, მატარებლის პირველი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, მეორე ამობრუნდა, მესამეს კი ხანძარი გაუჩნდა.
მატარებელი რეისს ჰააგიდან ქალაქ ლეიდენისკენ ასრულებდა, ხოლო ავარია ქალაქ ვორშოტენთან მოხდა.