“ინალ არძინბას განცხადებები შემაშფოთებელია და მიმართულია ავტორიტარული სისტემის ჩამოყალიბებისკენ” – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახალხო დამცველი

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.სახალხო დამცველი, ასიდა შაკრილი აცხადებს, რომ უკვე 30 წელია, რაც საერთაშორისო საზოგადოება “აფხაზეთის მოსახლეობას საერთაშორისო პროცესებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, რაც მათ გეოპოლიტიკური კონიუნქტურის ტყვედ აქცევს”.

თუმცა, შაკრილმა ე.წ. ხელისუფლება გააკრიტიკა და თქვა, რომ “მისი პოლიტიკა თვითიზოლაციას ისახავს მიზნად, რაც რესპუბლიკის მცხოვრებთა შესაძლებლობებს ზღუდავს”.

მან შეშფოთება გამოთქვა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც “ეწინააღმდეგება გარე სამყაროსთან ურთიერთობის დამყარების იდეას”.

„იმედი მაქვს, რომ, აფხაზეთის საერთაშორისო სტრუქტურებთან ურთიერთობის მინიმალური შესაძლებლობების გათვალისწინებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ქმედებები მიმართული იქნება დიპლომატიის გზით მეგობრების პოვნაზე, რომ მოხდეს აფხაზეთის მონაწილეობით საერთაშორისო პლატფორმების გაფართოება და არა – პირიქით“, – დასძინა მან.

არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის მავნებლობაზე ინალ არძინბას საუბრებში, ე.წ. სახალხო დამცველი ხედავს “ავტორიტარული სისტემისკენ მდგრადი გადაადგილების მცდელობებს”.

შაკრილის თქმით, შეშფოთებას იწვევს კანონი „უცხოელი აგენტების შესახებ“, რომელიც მიზნად ისახავს „სამოქალაქო აქტივისტების, სამოქალაქო ორგანიზაციებისა და უფლებებისა და თავისუფლებების დამცველი მედიის საქმიანობის შეზღუდვას“.

თუმცა, მისი თქმით, “დეპუტატებმა კანონის ჩაგდებით აფხაზეთს ავტორიტარული მმართველობის გზაზე გადასვლის საშუალება არ მისცეს”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები