ნინო ლაცაბიძე: რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, ქალაქის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს

რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების” წევრებთან ერთად სპეციალური ბრიფინგი გამართა.

როგორც რუსთავის მერმა ბრიფინგზე განაცხადა, საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, რუსთავის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს, რაზეც მათ მიერ ჩაშლილი სხდომები და მნიშვნელოვანი საკითხების დამტკიცების შეგნებურად გაჭიანურება მეტყველებს.

,, რუსთავის საკრებულოს ოპოზიციური უმრავლესობა, ქალაქის განვითარების წინააღმდეგ მიზანმიმართულად მოქმედებს. მხოლოდ წინასწარ დაგეგმილი მავნებლობა და ქალაქის ღალატი შეიძლება ვუწოდოთ პოლიტიკას, რომელსაც რუსთავის წარმომადგენლობითი ორგანოს უმრავლესობაში მყოფი ნაციონალური მოძრაობა და პარტია ,,საქართველოსთვის” წევრები შეთანხმებულად ატარებენ”, – განაცხა ნინო ლაცაბიძემ
რუსთავის მერის თქმით, საკრებულოს უმრავლესობაში მყოფი ,,ნაციონალური მოძრაობა” და პარტია ,,საქართველოსთვის”, სხდომებს მიზანმიმართულად შლიან.
,,მათ ერთობლივ პოლიტიკურ თამაშებს, ქალაქში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, ქალაქის ბიუჯეტი და ზოგადად განვითარება შეიძლება შეეწიროს. მათ მიერ ხელოვნურად ჩაშლილ სხდომებს, ამჯერად რუსთავის განვითარების გენერალური გეგმა, მუნიციპალური ინსპექციის ფუნქციონირება და ის რეფორმები ეწირება, რასაც ჩვენი გუნდი, მთავრობის თანადგომით, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესების მიზნით ატარებს. განხილვის გარეშე დატოვეს შშმ პირთა ცენტრის ბენეფიციართათვის ფართის გადაცემის საკითხიც, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 60- მდე მოზარდი ელოდება. გაჩერებულია საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის და საპრივატიზაციო გეგმის განხილვა და დამტკიცება, რაც პირდაპირპროპორციულად აისახება ქალაქის ბიუჯეტზე. სხდომა, რომელზეც აღნიშნული საკითხერბი უნდა განეხილათ, საკრებულოს თავმჯდომარემ უკვე ორჯერ ჩაშალა. განვითარების ახალ ეტაპზე მყოფი ქალაქის ნაცვლად, გაჩერებული ქალაქის ფონის შესაქმნელად წარმოებულ პოლიტიკას, რუსთავში უკვე პერმანენტული ხასიათი აქვს და მეორე წელია გრძელდება”, – განაცხადა რუსთავის მერმა.
როგორც რუსთავის მერმა აღნიშნა, ,,ნაციონალური მოძრაობა” და ,,საქართველოსთვის” ქალაქის განვითარებაზე წინ, საკუთარი პოლიტიკურ ამბიციებს აყენებენ.
,,მათ კიდევ ერთხელ დაუმტკიცეს რუსთავს, რომ ქალაქის განვითარების გეგმაზე, მოსახლეობისთვის მოქნილი სერვისების ჩამოყალიბებაზე და ზოგადად ქალაქის განვითარებაზე წინ, საკუთარი პოლიტიკურ ამბიციებს აყენებენ და მხოლოდ ამ ამბიციების დასაკმაყოფილებლად არიან წარმოდგენილნი რუსთავის საკრებულოში. ჩვენ კიდევ ერთხელ მივმართავთ რუსათავის საკრებულოს თავმჯდომარეს და მის უკან მდგომ უმრავლესობას, შეასრულონ ის მისია, რაც მათ მოსახლეობამ დააკისრათ”, – განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები