“ქალაქი მიწასთან არის გასწორებული” – მისისიპის ტორნადომ გადაუარა

​მისისიპის და ალაბამას შტატებს დამანგრეველმა ტორნადომ გადაუარა, რომლის შედეგებთან ბრძოლა გრძელდება.

ბოლო მონაცემით, სტიქიურ უბედურებას, სულ მცირე, 26 ადამიანი ემსხვერპლა. მისისიპის ხელისუფლებამ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. სამძებრო სამუშაოები გრძელდება, შესაბამისად, მსხვერპლის რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება.

ყველაზე მეტად დაზარალდა მცირე ქალაქები, სადაც ქარმა ხეები მოგლიჯა, დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, ათიათასობით სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. სამხრეთ მისისიპიში ასევე გოლფის ბურთის ზომის სეტყვა და ძლიერი წვიმა იყო.

CNN-ის ცნობით, პატარა ქალაქი როლინ-ფორკი, სადაც დაახლოებით ორი ათასი ადამიანი ცხოვრობდა, თითქმის მთლიანად მიწასთან არის გასწორებული.

თვითმხილველების თქმით, ტორნადო თავს ღამის საათებში დაატყდათ და მხოლოდ 5-10 წუთს გაგრძელდა.

ალაბამასა და მისისიპიში წითელი ჯვრის წარმომადგენელმა, ჯონ ბრაუნმა თქვა, რომ “ქალაქი საომარი მოქმედებების ზონას ჰგავს, თითქოს, აქ ბომბი ჩამოვარდა”.

მომხდარს აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი გამოეხმაურა და დაზარალებულ რეგიონს დახმარებას დაჰპირდა.

მეტეოროლოგების თქმით, ალაბამას და ჯორჯიის შტატებში ახალი შტორმია მოსალოდნელი, რომელმაც შესაძლოა, დიდი სეტყვა მოიტანოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები