ირაკლი ბერაია: პრემიერმინისტრმა ამომწურავი პასუხები გასცა კითხვებს, თუმცა, ამ პასუხების მოსმენის ინტერესი სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობაში ჩვენ ვერ დავინახეთ
„პრემიერმინისტრმა გასცა ამომწურავი პასუხები კითხვებს, თუმცა, ამ პასუხების მოსმენის ინტერესი სამწუხაროდ, ოპოზიციის უმრავლესობაში ჩვენ ვერ დავინახეთ. მან ისაუბრა დეტალურად ჩვენი უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც არის კომპლექსური, არაპროგნოზირებადი და გაუარესებული როგორც არასდროს“,- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით უსმენენ.
ირაკლი ბერაიამ ყურადღება გაამახვილა ვითარებაზე, რომელიც რეგიონში და შესაბამისად, საქართველოში რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში შეიქმნა.
„რუსეთის ფართომასშტაბიანმა სამხედრო აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ არსებითად გაზარდა საფრთხეები ჩვენი ქვეყნისთვის, გაზრდილია კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის რისკი, ოკუპირებულ რეგიონებში გააქტიურებულია ანექსიური პროცესები, მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ეს არ არის მხოლოდ რუსული საფრთხეები. არსებობენ სხვა აქტორებიც, რომლებიც ცდილობენ საკუთარი ინტერესების გაღრმავებას ჩვენი ინტერესების ხელყოფის ხარჯზე. და ეს საფრთხეები რუსულ საფრთხეებთან ერთობლიობაში არის სერიოზული საფრთხის შემცველი ჩვენი ქვეყნისთვის. ამას ბუნებრივია ემატება ქვეყნის შიგნიდან და გარედან საქართველოს ომში ჩართვის მცდელობები. მცდელობები, რომ რუსეთ საქართველოს კონფლიქტი გადავიდეს ცხელ და აქტიური საბრძოლო მოქმედებების ფაზაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, მიუხედავად საკითხის კომპლექსურობისა, საქართველოს ხელისუფლება წარმატებით ართმევს თავს ამოცანას და აკეთებს ყველაფერს ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.
„ამ პირობებში, როდესაც ჩვენ ვართ გეოპოლიტიკური ბიძგების ეპიცენტრში, საქართველოს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება არის ურთულესი და მიუხედავად ამ საკითხის კომპლექსურობისა, საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს მთავრობა წარმატებით ართმევს თავს ამ ამოცანას.
უპირველესი პრიორიტეტია გავაკეთოთ ყველაფერი ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რადგან ეს არის ჩვენი განვითარების და პროგრესის უპირველესი და უმთავრესი წინაპირობა.
ჩვენი ამოცანაა გავიაროთ ფხიზლად, მაქსიმალური სიფრთხილით ეს მყიფე პერიოდი და ამავე დროს შევინარჩუნოთ ეკონომიკური განვითარების მზარდი ტენდენცია და წავიწიოთ წინ ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ომი არ შედის არც ჩვენი, არც ევროპული უსაფრთხოების ინტერესებში და ვინაიდან დღეს საქართველო დგას ევროპული უსაფრთხოების წინა ხაზზე, ჩვენ მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებით ვიცავთ არა მხოლოდ ჩვენს უსაფრთხოებას, არამედ ჩვენი პარტნიორების სასიცოცხლო ინტერესებსაც“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.