ლევან იოსელიანი: ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შეიძლება, საშიში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით კლინიკა “ვივამედის” განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ექსპრეზიდენტთან დაკავშირებით ყოფილი ომბუდსმენის პოზიციას იზიარებს.

მისი თქმით, სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში დაბრუნება შესაძლოა, საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის.

“არ ვიცი, ეს განცხადება გულისხმობს თუ არა მაინცდამაინც მის ციხეში დაბრუნებას. სახალხო დამცველს ამაზე აქვს გამოქვეყნებული პოზიცია, რომ  ციხის საავადმყოფოში მისი დაბრუნება შესაძლოა, საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილთან ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ მის მიმართ განხორციელდეს ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა, მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს”, – აცხადებს იოსელიანი.

ცნობისთვის, კლინიკა „ვივამედმა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “იძულებულები ვხდებით, მივმართოთ პენიტენციურს, შეაფასოს სააკაშვილის კლინიკაში დაყოვნების მიზანშეწონილობა – ის მკურნალობა, რაზეც პაციენტი თანახმაა, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები