არჩილ თალაკვაძე: სინამდვილეში ბერბოკმა თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადება არ იქნება სწორი
“რაც უნდა მცდელობა ჰქონდეთ, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებები გადათარგმნონ ასე თუ ისე, სინამდვილეში, ანალენა ბერბოკმა თქვა, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადადება არ იქნება სწორი, რადგან არის მცდელობები, საქართველოს ევროპული კურსი ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა დააზიანონ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, ხელის გულზე დევს.
„კარგად ვიცით, თუ როგორ რთულ რეგიონშია ჩვენი ქვეყანა და როგორ რისკებთან უწევს ყოველდღიურად გამკლავება. თავი რომ დავანებოთ ყველაზე რთულ გამოწვევას, რომელიც არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას რუსეთის მხრიდან. საქართველოს ხელისუფლება რასაც აკეთებს, ხელის გულზე დევს და ამის გადამოწმება შეუძლია როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ასევე, ნებისმიერ ევროპელ მინისტრს“, – განაცხადა თალაკვაძემ.
ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოში ვიზიტამდე განაცხადა, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს.