ილია დარჩიაშვილი: საქართველო ნატო-ს სანდო და მყარი პარტნიორია

“საქართველო ალიანსის ძალიან სანდო და მყარი პარტნიორია. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა, ის დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რათა საქართველო პროგრესულად განაგრძობდეს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით მკვეთრ და შედეგზე ორიენტირებულ სვლას”, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში განაცხადა, სადაც ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა.

მინისტრმა ევროკომისიის 12 პუნქტზეც ისაუბრა.

„დღეს ბრიუსელში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისია. როგორც იცით, ეს კომისია არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი, რათა ნატო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში განვსაზღვროთ დღის წესრიგი, დავსახოთ ურთიერთობები და მომავალი თანამშრომლობის მიმართულებები. ჩვენ წელს ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში წარმოვადგინეთ წლიური ეროვნული პროგრამა, რომელიც არის ჩვენი თანამშრომლობის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი. სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, მიმემართა ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ სხდომაში.

საქართველო არის ალიანსის ძალიან სანდო და მყარი პარტნიორი ჩვენს რეგიონში. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი თანამშრომლობის მნიშვნელობა, ის დღის წესრიგი, რომელიც განსაზღვრული გვაქვს, რათა საქართველო პროგრესულად განაგრძობდეს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართულებით ძალიან მკვეთრ და შედეგზე ორიენტირებულ სვლას. ეს არის სამუშაო პროცესი, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ პარტნიორებთან. ძალიან ძლიერი მხარდამჭერი გზავნილები მივიღეთ ნატოელი პარტნიორებისგან, როდესაც საკითხი ეხება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ძალიან ძლიერი მხარდაჭერა გვქონდა, გვაქვს და გვექნება პარტნიორების მხრიდან.

12 პრიორიტეტი, 12 პუნქტი, რომელიც განსაზღვრულია ევროკავშირის მხრიდან, არის საერთო ინტერესის საგანი არა მხოლოდ ევროკავშირის, არამედ ნატო-სთვისაც, რადგან გვჯერა, რომ თუ საქართველო წარმატებით აგრძელებს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას, ეს ძალიან ძლიერი სიგნალია ნატო-სთვისაც. ეს პროცესი მნიშვნელოვანია ნატო-სთვისაც. სწორედ ამიტომ იყო დიდი ინტერესი ნატოელი პარტნიორების მხრიდან იმ გადადგმული ნაბიჯების მიმართ, რომლებიც ეხება ჩვენი ქვეყნის 12 პუნქტის შესრულებას, რაც უნდა გახდეს ჩვენი სავიზიტო ბარათი ევროინტეგრაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯის, რომელიც ასევე საშუალებას მოგვცემს, პროგრესულად გავაგრძელოთ ინტეგრაცია ნატო-ში. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო, ვისაუბრეთ ბევრ საინტერესო საკითხზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები