“ჩემი ვიზიტისას მინდა, ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას” – ანალენა ბერბოკი
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი აცხადებს, საქართველოში ვიზიტისას ნათლად განაცხადებს იმის შესახებ, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას.
ამის შესახებ მინისტრის კომენტარშია ნათქვამი, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მის ჩამოსვლამდე ავრცელებს.
„საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროკავშირის მკაფიო მიზანი. გამოკითხვების მიხედვით, ქართველების 80% სურს ევროკავშირში მათი ქვეყნის გაწევრიანება. ბოლო კვირებში ისინი პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ. ჩემი ვიზიტისას მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის გადახვევის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს და ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა შიგნიდან და გარედან აწყდება“, – ნათქვამია ბერბოკის კომენტარში.
მისი თქმით, საქართველოში ვიზიტისას გაესაუბრება ქვეყნის მთავრობას იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა გადადგას.
„დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, საუბარია, მედიის თავისუფლებაზე, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების საჯარო დებატების მხარდაჭერაზე, მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ ერთმანეთს არ ემთხვევა. ევროკავშირს ეს ღირებულებები აერთიანებს და დარწმუნებული ვართ, რომ აქ დაუშვებელია რაიმე იარლიყები, ან მიდგომის შესუსტება”, – ამბობს გერმანელი დიპლომატი.
თბილისში ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკი შეხვდება კოლეგა ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, ასევე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს და საოკუპაციო ხაზს ეწვევა.