ირაკლი კობახიძე: სერიოზული პრობლემაა, რომ პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან ხდება
სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, “იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა, ეს კანონი გაწვეული იქნა, აქედან გამომდინარე, დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე”.
„დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. არის შექმნილი ფეიკენჯეო, „დროა“, იგივე სახელით იგივე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს ყველგან, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას და ამაზე საუბარი გაგრძელდება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – თქვა კობახიძემ.