საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა
2023 წლის 23-24 მარტს საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი ეწვევა.
ანალენა ბერბოკს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ ფორმატში, ისე – ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის. რის შემდეგაც გაკეთდება განცხადებები პრესისთვის. ვიზიტის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს მთავრობის მეთაური – ირაკლი ღარიბაშვილი. ანალენა ბერბოკს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი – სალომე ზურაბიშვილი.
გერმანელი დიპლომატი ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ანალენა ბერბოკი ასევე შეხვედრას გამართავს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
აღსანიშნავია, რომ ეს არის გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის, ანალენა ბერბოკის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში.