5 ოპოზიციონერი დეპუტატი მოითხოვს, შალვა პაპუაშვილმა “ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას

ოპოზიციონერი დეპუტატები: ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, თეონა აქუბარდია, ანა ნაცვლიშვილი და ტარიელ ნაკაიძე მოითხოვენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა “ხალხის ძალის“ წარმომადგენლები სხვა ადგილზე გადასვას. შესაბამისი ინფორმაცია “რესპუბლიკურმა პარტიამ” გაავრცელა.

“საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის თავმჯდომარეს, მიმდინარე დღეებში განხორციელებული შეურაცხმყოფელი მიმართვებისა და ქმედებების გამო, სხდომათა დარბაზში „ხალხის ძალის“ წარმომადგენლების სხვა ადგილზე გადასმასთან დაკავშირებით მიმართეს.

განცხადებაში ვკითხულობთ:

ბატონო შალვა,

საქართველოს პარლამენტის სასახლის პლენარულ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის ფლანგზე სხედან საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრები.

აღნიშნული ჯგუფის მხრიდან 2023 წლის 21-22 მარტის პლენარული სხდომის მიმდინარეობისას ოპოზიციის მისამართით ისმის შეურაცხმყოფელი ხასიათის რეპლიკები და დღეს, 22 მარტს ეს ყოველივე ფიზიკურ დაპირისპირებაშიც გადაიზარდა, კერძოდ, პარლამენტის წევრი ვიქტორ ჯაფარიძის მხრიდან.

ბატონო შალვა, ვინაიდან „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი პარლამენტის წევრების მხრიდან მსგავსი ქმედებები არის მუდმივი დაპირისპირების კერა, გთხოვთ, მიიღეთ შესაბამისი ზომები და აღნიშნულ დეპუტატთა ჯგუფს შეუცვალეთ ადგილი სასესიო დარბაზში.

განცხადებას ხელს აწერენ: ხათუნა სამნიძე; თამარ კორძაია; თეონა აქუბარდია; ანა ნაცვლიშვილი; ტარიელ ნაკაიძე”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები