აივანზე გაჭედილი ძაღლისა და გამჭრიახი ნინოს ისტორია – დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების სურვილები, მიზნები და საჭიროებები

 ისევე, როგორც თითოეული ჩვენგანი არის უნიკალური და ინდივიდუალური, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებსაც აქვთ ხასიათის თავისებურებები.

ისინი არიან კომუნიკაბელურები, უყვართ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა, დადიან თავიანთი ინტერესების შესაბამის წრეებზე, მოსწონთ მათი ასაკის შესაბამისი თამაშები და აქტივობები, – ამბობს ორგანიზაცია „მზის შვილების“ ბაზაზე მოქმედი დღის ცენტრის წარმომადგენელი, კომუნიკაცია-ენა-მეტყველების თერაპევტი, სოფიო ქურასბედიანი.

სარეაბილიტაციო ცენტრი – ,,მზის სივრცე” ორგანიზაცია ,,მზის შვილების” ბაზაზე 2015 წლის სექტემბრიდან ფუნქციონირებს. ცენტრი სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შემდეგ მიმართულებებს ემსახურება: ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, 6-დან 18 წლამდე შშმ ბავშვებისა და მოზარდების დღის ცენტრების ქვეპროგრამა და რეაბილიტაცია-აბილიტაციის ქვეპროგრამა. დღეს აქ, ჯამურად, 95 ბავშვი და მოზარდია ჩართული.

სოფიო ქურასბედიანი ამბობს, რომ საზოგადოების მხრიდან ცენტრის ბენეფიციარების მიმართ დისკრიმინაციული განწყობები ხშირია. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მიმართ ადამიანები, როგორც წესი, თანაგრძნობას გამოხატავენ, რაც, მისი თქმით, ბენეფიციარებს სრულიად არ სჭირდებათ – მათთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებამ ისეთებად მიიღონ, როგორებიც არიან.

“მახსენდება ერთი შემთხვევა, როდესაც ნინოსთან ერთად მეტროთი ვმგზავრობდი. მგზავრებისგან ვიგრძენი დაჟინებულ მზერა… აკვირდებოდნენ. ზოგიერთი მათგანი თანაგრძნობის თვალებით უყურებდა. იყვნენ შეშინებულებიც, რომლებიც დისტანციის დაცვას ცდილობდნენ ჩვენგან, გვიყურებდნენ – როგორც დაავადებულებს… მაშინ ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დამაფიქრა საზოგადოებასა და ნინოსნაირი ანგელოზების ურთიერთობაზე. ნინოს არ სჭირდება არც თანაგრძნობა და არც ამრეზით ყურება. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მივიღოთ ისეთი, როგორიც არის, თავისი უნიკალურობითა და ინდივიდუალიზმით”, – ამბობს სოფიო ქურასბედიანი.

ის ჩვენთან სახალისო ისტორიასაც იხსენებს: „ერთხელ ნინოს ძაღლი აივანზე გაიჭედა და ვეღარ ახერხებდა სახლში შემოსვლას. ის არ დაიბნა და სასწრაფოდ 112-ში დარეკა დახმარების სათხოვნელად. სატელეფონო ცენტრის ოპერატორს აუხსნა ზარის მიზეზი და დახმარებაც დროულად მიიღო. ეს ისტორია ნათლად ასახავს, თუ რამდენად მაღალი შეიძლება, იყოს დამოუკიდებლობის ხარისხი, თუკი სწორად მოხდება სასწავლო გეგმის შერჩევა და მათი რესურსის მიზანმიმართულად გამოყენება, რაც მთავარია, მათი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად აღქმა“, – ჰყვება სოფიო.

ის ამბობს, რომ სწორედ სოციალიზაციის პროცესს და ცნობიერების ამაღლებას ემსახურება დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე და ამ დღეს ტრადიციულად გამართული ღონისძიებები.

დღის ცენტრის სპეციალისტი ფიქრობს, რომ პრიორიტეტულია ინკლუზიის ხელშეწყობა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რათა ყველამ გაიაზროს, რომ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს აქვთ განათლების და დასაქმების უფლება. შესაბამისი მხარდაჭერის პირობებში კი მათი ინტერესების გათვალისწინებით შეუძლიათ, იყვნენ რეალიზებულნი. “მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხარდაჭერა და დასაქმების პროცესში მის მიერ კერძო სექტორის წახალისება“, – ამბობს სოფიო ქურასბედიანი.

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღის საქართველოში აღნიშვნის მნიშვნელობაზე საუბრობს თეა გრიგალაშვილიც, მისი შვილი 13 წლის გიორგი ბარბაქაძეა, უყვარს სამეჯლისო ცეკვები და მულტფილმები.

„ამ დღის აღნიშვნა და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რაც მეტი ინფორმაცია ექნება საზოგადოებას, მით უფრო ადვილად დაიმსხვრევა არსებული სტიგმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების შესახებ.

ჩემი შვილი გიორგი ამჟამად მულტფილმებით არის გატაცებული. ძალიან მოსწონს მეცადინეობაც. თავის ძმასთან და ძმის მეგობრებთანაც კარგი ურთიერთობა აქვს. დღის ცენტრშიც დავდივართ და მოსწონს ძალიან, უყვარს ცეკვა, სამეჯლისო ცეკვებზე დადის და გარემოსაც შეეჩვია. მოსწონს სკოლაც. კარგად მიიღეს თანატოლებმაც და არანაირი პრობლემა არ შეგვქმნია არც კლასელებთან, არც – მასწავლებლებთან“, – ამბობს გიორგის დედა.

თეა გრიგალაშვილი აღნიშნავს, რომ არასდროს უგრძნია გიორგის მიმართ საზოგადოების ცუდი დამოკიდებულება, თუმცა, სტიგმა დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების მიმართ ჯერ კიდევ არსებობს და მის დამსხვრევას ჩვენს ქვეყანაში დიდი ძალისხმევა სჭირდება.

„ჩვენი, მშობლების აქტიურობით და გახსნილობით, ვფიქრობ, ნელ-ნელა გამოსწორდება მდგომარეობა. რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ ჩვენ შვილებზე და უკეთ გავაცნობთ საზოგადოებას, მიმღებლობაც უკეთესი იქნება“, – აღნიშნავს ის.

სწორედ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება წლევანდელი კამპანია. რომელმაც სტარტი 20 მარტს თბილისის მერიის ფოიეში ფოტოგამოფენით აიღო. კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა სახის ღონისძიება დაიგეგმა და თითოეული მათგანი ემსახურება მიზანს – საზოგადოებაში გაავრცელოს კონკრეტულ გზავნილები:

• ჩვენ გვსურს თქვენთან ერთად ცხოვრების გაზიარება;

• ჩვენ ვართ განსაკუთრებული უნარების მქონე პირები და არა – შეცოდების ობიექტები;

• ჩვენ შეგვიძლია, ვიყოთ სასარგებლო ერთმანეთისთვის!

კამპანიის „ჩვენთან ერთად და არა ჩვენთვის“ ორგანიზატორი, ბრენდინგისა და კონსალტინგის კომპანია “ქოლგაა”; საინფორმაციო მხარდამჭერია მედიაჰოლდინგი „კვირა“; ხოლო მხარდამჭერი – თბილისის მუნიციპალიტეტის მერია.

კამპანიაში აქტიურად ჩაერთო კერძო სექტორიც. კომპანია „პინექსის“ წარმომადგენელი, ლიკა კერესელიძე აღნიშნავს, რომ ქვეყნის მომავალზე ზრუნვა ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვით იწყება.

„ქველმოქმედებაში მონაწილეობა ჩვენთვის სამოქალაქო პასუხისმგებლობის საკითხს წარმოადგენს. წლის განმავლობაში ვაპირებთ, რამდენიმე საქველმოქმედო ღონისძიებაში ჩავერთოთ, რაც ძირითადად გულისხმობს სოციალურად დაუცველი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დახმარებას. ქვეყნის ნათელი მომავლის პერსპექტივა იწყება ბავშვების კეთილდღეობაზე ზრუნვით. ჩვენც ვეცდებით, ჩვენი მცირე წვლილი შევიტანოთ ამ სათნო საქმეში“, – თქვა ლიკა კერესელიძემ.

21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით 2011 წლის 10 ნოემბერს დაწესდა. ის მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში 2012 წლიდან აღინიშნება. ამ დღის დაწესება მთელს მსოფლიოში დაუნის სინდრომის მქონე პირთა მიმართ საზოგადოების მხრიდან არსებული სტიგმებით, სტერეოტიპებითა და გაუცხოებით არის გამოწვეული. ეს საკითხი დღემდე პრობლემატურია საქართველოშიც. ჭრელი წინდები დაუნის სინდრომის სიმბოლოდ მათი ქრომოსომასთან მსგავსების გამო იქცა, იდეამ კამპანიის სახე მიიღო.

ფერადი წინდის ტარებით ადამიანები გარშემომყოფთა ყურადღებას იქცევენ და ინფორმაციის გამავრცელებლები ხდებიან. 2023 წლის დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულებზე:

http://kvira.ge/821037?fbclid=IwAR3zz_Z3KwRRGbMyFleuG_o_IFkALN-TdnFZgCCBVHWsPeFIaSHZMZWke8M

http://kvira.ge/820948?fbclid=IwAR3G5FHw9JQidprR6GPYJ-UuP0GWVT97ql965jnLVJ8pWCqlfOzc4BK8ezA

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები