“20 წელია, არ დაასვენეთ ეს ქვეყანა…“ – პარლამენტში ხატია დეკანოიძეს და უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ხატია დეკანოიძესა და უმრავლესობის წევრებს შორის შელაპარაკება მოხდა. სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ უკმაყოფილება გამოთქვა „ტვ პირველის“ მიერ მისი სიძის შესახებ გაკეთებულ სიუჟეტზე და აღნიშნა, რომ მისი დის ოჯახს “მიუცვივნენ, ხოლო სიძეს, ალექსანდრე ამისულაშვილს სულ ,,ზარქუას სიძე,, ეძახეს“.

ირაკლი ზარქუას ამ განცხადებას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ხატია დეკანოიძე.

„ახლა გაახსენდათ, მშობლები და შვილები. ჩვენც გვყავს მშობლები და შვილები…. რას აპირებდით ამ კანონის (ე.წ. აგენტების შესახებ კანონის) შემოტანით?“- მიმართა ზარქუას დეკანოიძემ.

ამ პროცესში ხატია დეკანოიძეს რეპლიკის სახით გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე.

„20 წელია, არ დაასვენეთ ეს ქვეყანა…“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

კამათის დროს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეკანოიძეს ბოიკოტის რეჟიმში ყოფნა შეახსენა.

„ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, თქვენ ბოიკოტში ხართ. ნუ უშლით ხელს სხდომას“, – მიმართა შალვა პაპუაშვილმა ხატია დეკანოიძეს.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტის სხდომას ესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი – ხატია დეკანოიძე, რომელიც, თანაფრაქციელებისგან განსხვავებით, პარლამენტში პოლიტიკურ ბოიკოტში არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები