„ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია, ამას შემდეგ დევნის პროცედურები მოჰყვება, შემდეგ კი განსაკუთრებული სანქციები იმ ადამიანებისა და ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დევნაში მონაწილეობას არ მიიღებენ“, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა, „კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარემ, ზაალ კასრელიშვილმა განაცხადა.
კასრელიშვილი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიერ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემას გამოეხმაურა.
ანალიტიკოსის თქმით, ჰააგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიაში რამდენიმე ადამიანს შეეხო როგორც ევროპაში, ისე აზიაში.
„როგორც ყოველთვის, ჩვენი პროგნოზები ისევ გამართლდა და როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში პოლიტოლოგებმა და პოლიტიკურმა მიმომხილველებმაც ჩვენი ინტერვიუები თავის დასკვნებში წყაროდ მიუთითეს. ამისთვის მათ მადლობა. მთავარი მიმდინარე პროცესი დღეს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება და მისი თანმდევი პროცესებია.
პრორუსული ორიენტაციის ქართველებმა ეს პროცესი სხვანაირად დაინახეს, პროდასავლელებმა სხვანაირად. ჩვენ ამას ველოდებოდით, ჰააგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც კაცობრიობის განვითარების ისტორიაში რამდენიმე ადამიანს შეეხო როგორც ევროპაში, ისე აზიაში. შორს რომ არ წავიდეთ და აღმოსავლური და აზიური მაგალითები არ მოვიყვანოთ, ევროპიდან მილოშევიჩის 90-იანი წლების მაგალითს მოვიყვან. სასამართლოს გადაწყვეტილება მათაც არ იღეს ყურად, ამ გადაწყვეტილების მიღმა ის ხელშეუხებლობის გარანტიებით ცხოვრობდა მანამ, სანამ მისი სამაგალითო დასჯა არ გახდა საჭირო. არ ვფიქრობთ, რომ რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ვიღაც ხელს მოჰკიდებს, ჰააგის სასამართლოში წაიყვანს, დასვამს, გაასამართლებს და დასჯის. საქმე ასე მარტივად არ არის. ამის ნებას და უფლებას დასავლეთს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ელიტა არ მისცემს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მაშინ ყველას ბედი ჯაჭვივით უნდა აესხას, როგორც ნიურნბერგის პროცესი. ამისგან რომ თავი დაიძვრინონ, ბოლომდე იბრძოლებენ. მოსალოდნელი იყო, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა საპირწონე ღონისძიებებს მიიღებდა. ჩვენ ველოდით, რომ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი, ან უფრო მაღალი დონის ინსტანცია გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა და სამართლებრივ დავაში შევიდოდა. სწორი და იურიდიული გზა ეს იყო, მაგრამ, როგორც ყოველთვის, არასწორი გზა აირჩიეს. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ჰააგის მოსამართლეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ამ გადაწყვეტილებას არანაირი შედეგი არ ექნება. ის ვერც წონით, ვერ ავტორიტეტით, ვერც იურიდიულად ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერ გადაფარავს, მაგრამ შიდა მოხმარებისთვის იმუშავებს. ეს გადაწყვეტილება რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის და ომის მომხრე რუსეთის მოსახლეობისთვის იმუშავებს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმუნიტეტს რუსეთის საზღვრებს ფარგლებს შიგნით მაინც შეიქმნის. გარდა ამისა, ის რუსეთის მხარდამჭერ ქვეყნებსა და მოსახლეობაზეც იმუშავებს. სინამდვილეში ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი ნაბიჯია, ამას შემდეგ დევნის პროცედურები მოჰყვება, შემდეგ კი განსაკუთრებული სანქციები იმ ადამიანებისა და ქვეყნებისთვის, რომლებიც რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობის დევნაში მონაწილეობას არ მიიღებენ”, – განაცხადა კასრელიშვილმა.
შეგახსენებთ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. ამის შესახებ ინფორმაცია სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
სასამართლოს განჩინების თანახმად, ICC-ი პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.
„ვლადიმერ პუტინი, დაბადებული 1952 წლის 7 ოქტომბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, სავარაუდოდ პასუხისმგებელია ომის დანაშაულზე, რაც გამოიხატება მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო დეპორტაციასა და მოსახლეობის (ბავშვების) უკანონო გადაყვანაში უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში“, – ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ნათქვამია, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის ვარაუდისთვის, რომ ვლადიმერ პუტინი ინდივიდუალურად არის სისხლის სამართლებრივად პასუხისმგებელი აღნიშნულ დანაშაულებზე.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი.