აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი მსოფლიოს 198 ქვეყანაში და ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მხრივ შექმნილ მდგომარეობას მიმოიხილავს, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი.

ანგარიშის თანახმად, საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები მოიცავდა ისეთ ცნობებს, როგორებიცაა წამება ან არაადამიანური მოპყრობა, სასტიკი ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თვითნებური დაკავება ან დაპატიმრება; სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, ასევე გამოძიებები და სასამართლო დევნა, რომლებიც ფართოდ მიიჩნეოდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული; თვითნებური ან უკანონო ჩარევა პირად ცხოვრებაში; გამოხატვისა და მედიის თავისუფლების სერიოზული შეზღუდვები, მათ შორის ძალადობა და ძალადობის მუქარები ჟურნალისტების წინააღმდეგ; მშვიდობიანი შეკრებისა და მშვიდობიანი გაერთიანებების თავისუფლებაში არსებითი ჩარევა; გაძევება; ასევე LGBTQI პირების წინააღმდეგ ძალადობის ან ძალადობის მუქარის დანაშაულები.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს მთავრობამ მიიღო ზომები ზოგიერთი ოფიციალური პირის მიერ ჩადენილი ადამიანის უფლებების დარღვევის გამოსაძიებლად, მაგრამ დაუსჯელობა პრობლემად რჩებოდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, მთავრობის წარუმატებლობამ, სარწმუნო გამოძიება ჩაეტარებინა და სამართლებრივი დევნა განეხორციელებინა 2021 წლის ივლისის ძალადობის ორგანიზატორების წინააღმდეგ, ამ სამართალდარღვევების კუთხით დაუსჯელობა გამოიწვია.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ანგარიშვალდებულების ნაკლებობა ასევე გაგრძელდა 2019 წლის ივნისის დემონსტრაციების დროს ჟურნალისტებისა და მომიტინგეების მიმართ პოლიციის არასათანადო ძალის გამოყენებისა და 2017 წელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტისა და აქტივისტის აფგან მუხთარლის ქვეყნიდან გატაცებისა და გადაცემის საქმეებზე.

ამასთან, ანგარიშში საუბარია ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ სიტუაციაზეც, რაზეც აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რჩებოდა ცენტრალური მთავრობის კონტროლს მიღმა და დე ფაქტო ხელისუფლებებს მხარს უჭერდა რუსეთის ძალები. 2008 წლიდან საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა ძალაში რჩებოდა, თუმცა რუს მესაზღვრეებს შეზღუდული ჰქონდათ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილება.

„ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი საკითხები ამ რეგიონებში მოიცავდა სანდო ცნობებს უკანონო დაკავებების; გადაადგილების შეზღუდვის, განსაკუთრებით ეთნიკური ქართველებისთვის საკუთრების უფლების ან ბიზნესის რეგისტრაციის, ასევე მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვების შესახებ. იმის მიუხედავად, რომ სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის მხრივ მცირე ოფიციალური ინფორმაცია არსებობს, დე ფაქტო ხელისუფლება უარს აცხადებდა, 2008 წლის კონფლიქტის შედეგად გაძევებული ეთნიკური ქართველების უმეტესობისთვის სახლებში დაბრუნებაზე. დე ფაქტო ხელისუფლებამ საერთაშორისო ორგანიზაციების უმეტესობას ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად სამხრეთ ოსეთში რეგულარულად შესვლის უფლება არ მისცა. რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების „ბორდერიზაცია“ გაგრძელდა, რამაც კიდევ უფრო შეზღუდა გადაადგილება და ადგილობრივი მცხოვრებლები მათი დასახლებებისგან და საარსებო წყაროებისგან გაყო. რუსეთმა და დე ფაქტო ხელისუფლებამ ორივე რეგიონში ჩაიდინეს დარღვევები, რაც დაუსჯელი დარჩა“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

წყარო: „საზოგადოებრივი მაუწყებელი“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები