კახა კალაძე: რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია, მაგრამ სტატუსის საპირწონედ კრიმინალის გათავისუფლება არ უნდა იყოს მოთხოვნა
რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია, მაგრამ მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სტატუსის საპირწონედ კრიმინალის გათავისუფლება არ უნდა იყოს მოთხოვნა.
“ჩვენ, რა თქმა უნდა, გვინდა ევროინტეგრაცია, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ღირსება. რომ გვეუბნებიან ევროპა, ჩემზე უკეთესად არ მგონია, ვინმემ იცოდეს – რა არის ევროპა, ევროპული ღირებულებები, ჩემი საუკეთესო წლები გატარებული მაქვს ევროპაში, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ვიცით რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. მაგრამ როდესაც შენ გეუბნებიან, სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმა, კი ბატონო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავიდან არ ვეთანხმებოდე იმას, რომ არ მომეცი სტატუსი, იმიტომ რომ ჩემი ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსის მიღებას, კიბატონო, საჭიროა ეს 12 გეგმა, მოვდივარ, მოგყვები, ვაკეთებ ამ ყველაფერს, მაგრამ გამოდის ვიღაც კონკრეტული ევროპარლამენტარები და ამ ყველაფერს, სტატუსს, საპირწონედ იყენებს კრიმინალის განთავისუფლებას, ეს ახლა ნორმალურია?!”, – ამბობს კალაძე.