იაგო ხვიჩია: „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდი, ერთხელ და სამუდამოდ გაიზარდონ და საკუთარი სახელებით იმოძრაონ

“გირჩის” ლიდერი, იაგო ხვიჩია „ნაციონალურ მოძრაობას“ მოუწოდებს, „ერთხელ და სამუდამოდ გაიზარდონ“ და გამოვიდნენ მიხეილ სააკაშვილის ჩრდილიდან.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილიც და დავით კეზერაშვილიც ამ პარტიის რეალური ლიდერები არიან და დანარჩენ წევრებს მართავენ, რადგან პარტიის “მთავარი ლიდერი პარალიზებულია”.

„ვანო მერაბიშვილი და კეზერაშვილი „ნაცმოძრაობის“ რეალური ლიდერები არიან, დანარჩენები უბრალოდ ამ ხალხისგან იმართებიან, ხოლო მთავარი ლიდერი დროებით პარალიზებულია, რადგან ციხეშია.
ვანო მერაბიშვილი არის პოლიტიკოსი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გვატყუებდნენ, თითქოს, ასე არ იყო. ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის მიხეილ სააკაშვილის პარტია. ამ პარტიაში ვანო მერაბიშვილიც, ნიკა მელიაც, ეკა ხერხეულიძეც მიხეილ სააკაშვილის სახელით მოძრაობენ. „ნაციონალურ მოძრაობას“ მოვუწოდებდი, ერთხელ და სამუდამოდ გაიზარდონ და საკუთარი სახელებით იმოძრაონ. მიხეილ სააკაშვილის სახელით მოძრაობა ახლა ვანო მერაბიშვილის სახელით მოძრაობასაც ნიშნავს. ამიტომ ან არ უნდა გიტყდებოდეს ეს და სულ არ იმეორებდე, ეს მომწონს, ეს არ მომწონს, ან უნდა წამოხვიდე პარტიიდან, მისცე საშუალება, დაიშალოს „ნაციონალური მოძრაობა“ და მიხეილ სააკაშვილს ვადაზე ადრე გათავისუფლების შანსი მისცე, თუ მასზე ზრუნავ.

მიხეილ სააკაშვილის გარეშე არც ვანო მერაბიშვილის „ნაცმოძრაობას“ აქვს ფასი და არც კეზერაშვილისას, ზოგადად, „ნაცმოძრაობას“ არ აქვს ფასი. ის მიხეილ სააკაშვილის პარტიაა. მათთვისვე კარგი იქნება, „ნაცმოძრაობის“ წევრები რაც უფრო მალე გაიაზრებენ, რომ მიხეილ სააკაშვილის ერთგული, თაყვანისმცემელი ხარ ან ამ პარტიიდან მიდიხარ. ჯერჯერობით ეს უჭირთ. მათ შორის მელიას ფლანგსაც უჭირს ამის გააზრება. მაინც ვერ სცილდებიან მიხეილ სააკაშვილის ლანდთან ლაციცს. ჩემი აზრით, ამას უნდა მორჩნენ პოლიტიკოსები, თუ პოლიტიკოსობა უნდათ. ახლა პარალიზებული პროცესია, სადაც მგონი, არავის აქვს იმედი, რომ აქედან გამარჯვებული გამოვა“, – თქვა ხვიჩიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები