ჯეიმს კლევერლი: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი აგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

მან ასევე მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების ჩარჩოებში.

“რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში საერთაშორისო სამართლის სრული უპატივცემულობა თქვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. 2008 წელს რუსეთის აგრესიას საქართველოში, რასაც შედეგად სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია მოჰყვა, ჰყოფს ოჯახებს და ართმევს ქართველებს საშუალებას, ეწვიონ საკუთარ წმინდა რელიგიურ ადგილებს, ისევე, როგორც წინაპრების მიწებს. ჩვენ ვაგრძელებთ უწყვეტ მხარდაჭერას თქვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილებია და მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას. ისევე, როგორც უკრაინელების შემთხვევაში, ქართველების სუვერენული უფლებაც არის თავად გადაწყვიტონ საკუთარი ქვეყნის მომავალი, გარეჩარევის გარეშე და ამას ყველა პატივი უნდა სცეს. სწორედ ამიტომ ვმუშაობ თქვენთან ერთად და მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს“, – განაცხადა ჯეიმს კლევერლიმ.

ცნობისთვის, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი, ჯეიმს კლევერლი საქართველოში ვიზიტისას პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც შეხვდება. ასევე, ჩავა საოკუპაციო ხაზთან და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები