“სარესტორნე სფეროში კადრების დეფიციტი დიდი პრობლემაა, ე.წ. გასტარბაიტერების ჩამოყვანა გარდაუვალია” – “რესტორატორთა ასოციაცია”

“რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის, შოთა ბურჯანაძის განცხადებით, სარესტორნე სფეროში კადრების დეფიციტი კვლავ დიდ პრობლემად რჩება.

როგორც ბურჯანაძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ე.წ. გასტარბაიტერების ჩამოყვანა გარდაუვალია.

“ქვეყანაში არა მარტო ჩვენს სფეროში, არამედ თითქმის ყველა სფეროში კადრების დეფიციტი დიდი პრობლემაა. აქ საუბარი პროფესიონალ კადრებზე არა, საუბარია ადამიანებზე, რომლებსაც მუშაობის სურვილი ექნებოდათ. ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ პრობლემის დაფიქსირება საკმარისი არაა. აქ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმაა. ამ კუთხით სახელმწიფოსთან ერთად კოორდინებული მუშაობაა მნიშვნელოვანი. ეს პროფესიული სასწავლებლების შექმნას გულისხმობს. დღეს არსებული პროფესიული სასწავლებლები, რომლებიც კადრებს ზრდიან, რეალურად წყალში გადაყრილ ფულს ნიშნავს. ადამიანები ამ სასწავლებლებიდან სხვადასხვა მიმართულებით ნასწავლები გამოდიან, მაგრამ რეალურად ბაზარზე ეს მოთხოვნები ნაკლებადაა. ის თანხები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ იხარჯება, ისევ და ისევ არაპროფესიონალ უმუშევრებს ქმნის. დღესდღეობით ურთიერთობა და მოლაპარაკებები უნარ- ჩვევების სააგენტოსთან გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში სასწავლებლებთან დაკავშირებით შექმნილია გარკვეული აიპი, რომელიც ამ კუთხით ზრუნავს და სწორედ ბიზნესის დაკვეთით უნდა მოხდეს იმ კადრების გაზრდა, რომელიც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია. ეს რთული და გრძელვადიანი პროცესია. უნარ- ჩვევების სააგენტომ ამაზე მუშაობა დაიწყო. თუ პირველი ნაბიჯები გადაიდგმება, ამას მეორე მოჰყვება და საბოლოოდ იმ შედეგს მივიღებთ, რაც სასურველია. ეს არა მარტო პროფესიონალი კადრების გაზრდის შესაძლებლობას იძლევა, არამედ შესაძლებლობას გვაძლევს, ზოგადად, საზოგადოებაში საშუალო ფენა შეიქმნას, რაც ქვეყნის განვითარებისთვის, ეკონომიკური წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია.

რაც შეეხება გასტარბაიტერებს, რომლებიც შეიძლება, საქართველოში იქნეს ჩამოყვანილი, ეს გარდაუვალია. ვიცით, რა მიმართულებითაც ვითარდება ეკონომიკა, 10 %- ით,  იმედია, ეს ასე გაგრძელდება. ქვეყანაში ვეღარ მოინახება ის კადრი, რომელიც შეიძლება, ბიზნესის მოთხოვნას აკმაყოფილებდეს. ყველა განვითარებულმა ქვეყანამ გაიარა ის, რომ კადრები უცხო ქვეყნებიდანაა ჩამოყვანილი, იმ ქვეყნებიდან, სადაც სახელფასო ბიუჯეტი უფრო ნაკლებია. ასეთივე შესაძლებლობა საქართველოშიც იქნება. ასეთ ქვეყნებად შეიძლება, შუა აზიის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი წარმოვიდგინოთ. ხელფასების მატებასთან ერთად საქართველოში ამ კადრების მოზიდვა საჭირო გახდება. ეს პროცესი გარდაუვალია”- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ახალი რესტორნების გახსნის სურვილის შემთხვევაში კადრები თითქმის არ არსებობს, რაც ბიზნესის განვითარებას აფერხებს.

“დღეს სფეროში შემდეგი პრობლემაა: არსებული რესტორნები ასე თუ ისე, კადრების უკმარისობას არეგულირებენ, მაგრამ, სამწუხაროდ, პრობლემა განვითარების კუთხით იქმნება. ახალი რესტორნების გახსნის სურვილის შემთხვევაში კადრები თითქმის არ არსებობს. ეს, რა თქმა უნდა, ბიზნესის განვითარებას ახერხებს.

თუ 5 მილიონ 200 000 ვიზიტორი გვყავდა, დამერწმუნეთ, ეს რიცხვი გაიზრდება და ბევრად მეტი იქნება, ვიდრე 2022 წელს. დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მიმართ ძალიან დიდია. ეს აპრილის ბოლოდან ქუჩებშიც ნათლად აისახება, იქნება ეს თბილისი, ბათუმი თუ ქუთაისი. იზრდება პირდაპირი ფრენები როგორც ქუთაისში, ისე თბილისში, შესაბამისი ეს დამატებითი მოზიდულობის ფაქტორია. ჯავშნების რაოდენობა იმატებს, მოთხოვნა ძალიან დიდია. დღესდღეობით მოლოდინი დიდია. ყველაზე დიდი პრობლემა რაც არსებობს – ამ მოლოდინების დაკმაყოფილების შესაძლებლობა თუ გვექნება. დღეს არსებული სერვისის არგაუმჯობესების შემთხვევაში დავკარგავთ იმ შესაძლებლობებს, რაც ტურიზმის კუთხით შეიძლება, გაგვაჩნდეს. ამიტომაც, განვითარება და არსებული სერვისის დახვეწა აუცილებელია”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები