გაეროს საგამოძიებო კომისიამ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების თავის ტერიტორიაზე გაყვანას ,,სამხედრო დანაშაული,, უწოდა.
უკრაინაში რამდენიმე თვის განმავლობაში მომუშავე კომისიის ანგარიშში ნათქვამია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი კრძალავს – რამდენიმე იშვიათი გამონაკლისის გარდა – შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარის მიერ ბავშვების ევაკუაციას.
კომისიის ხელმძღვანელმა, ნორვეგიელმა მოსამართლემ, ერიკ მოსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კოლეგებთან ერთად დეტალურად შეისწავლა დონეცკის, ხარკოვისა და ხერსონის ოლქებიდან 4-დან 18 წლამდე ასაკის 164 ბავშვის საქმე.
აღნიშნულია, რომ რუსეთის სოციალურმა სამსახურებმა ამ ბავშვებს უთხრეს, რომ რუს ოჯახებს გადასცემდნენ, უკრაინელი ბავშვები კი „სერიოზულ შიშს გამოხატავდნენ“, რომ სამუდამოდ დაშორდებოდნენ საკუთარ მშობლებს.
უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, თებერვლის მონაცემებით, რუსებმა ქვეყნიდან 16 221 უკრაინელი ბავშვი გაიყვანეს (გაეროს კომისია ჯერჯერობით ამ მონაცემს ვერ ადასტურებს).