არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ არის დაშლილი და ამას ვერაფერი გადაფარავს
სჯობს, 9 აპრილამდე თავის პრობლემებს მიხედონ. ისინი იყვნენ სიტყვით ევროპელები, საქმით – ანტიევროპელები, როცა აწამებდნენ ადამიანებს, ხურავდნენ მედიას, სახლებიდან მესაკუთრეებს ყრიდნენ განსხვავებული აზრისთვის, – ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცესპიკერი, არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ 9 აპრილისთვის დაანონსებულ აქციას.
თალაკვაძის განმარტებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მოთხოვნა არის პოლიტიკური აფიორა და ცინიკური განცხადება.
„საზოგადოებამ კარგად იცის, „ნაციონალური მოძრაობა“ და ევროპა რამდენად შორს არიან ერთმანეთისგან. შესაბამისად, მათი მოთხოვნები ცინიკურად გამოიყურება. მათ მორალური უფლება არ აქვთ, რომ ასეთი მოთხოვნები დააყენონ. ისინი სპეკულირებენ და იმ ადამიანების სახელით საუბრობენ, ვისაც მათთვის უფლება არ მიუციათ, საზოგადოების სახელით დააყენონ მოთხოვნები. სჯობს, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოემზადონ. მათი რეიტინგი უკიდურესად დაბალია, პარტია არის დაშლილი და ამას ვერაფერი გადაფარავს. სჯობს, 9 აპრილამდე თავის პრობლემებს მიხედონ. ისინი იყვნენ სიტყვით ევროპელები, საქმით – ანტიევროპელები, როცა აწამებდნენ ადამიანებს, ხურავდნენ მედიას, სახლებიდან მესაკუთრეებს ყრიდნენ განსხვავებული აზრისთვის. ეს იყო მათი პოლიტიკური ბიოგრაფია, ამას აკეთებდნენ ევროპის სახელით. სწორედ ამიტომ შევიდნენ ისტორიაში, როგორც პარტია, რომელმაც საქართველოში ყველაფერი ევროპული დაასამარა. ახლა წამოიწყეს პოლიტიკური ფარისევლობა, რომ თავისი თავი დაუკავშირონ 9 აპრილს და ისეთ თემებს, რომლებიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ეხება. ისინი საზოგადოებას ვერ მოატყუებენ“, – თქვა თალაკვაძემ.