გივი მიქანაძე: ვენეციის კომისიამ “დეოლიგარქიზაციის” კანონთან დაკავშირებით აღიარა, რომ უკრაინული ვერსიის ანალოგია და შესაძლებლად მიიჩნევს, “დეოლიგარქიზაციის შესახებ” ცალკე კანონი არსებობდეს

“საერთო სასამართლოებისა” და “დეოლიგარქიზაციის შესახებ” კანონპროექტებთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნა ძალიან კონსტრუქციულია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა,

მისივე თქმით, როგორც კი ამ კანონპროექტებთან მიმართებით ეუთო/ოდირის დასკვნებიც გამოქვეყნდება, მსჯელობა საპარლამენტო ფორმატში გაგრძელდება.

„12-პუნქტიანი გეგმის შესრულება გარკვეულწილად იქიდან გამომდინარე გადავადდა, რომ ექსპერტული დასკვნისთვის რიგი კანონპროექტები გავაგზავნეთ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიაში. ვენეციის კომისიამ დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით აღიარა, რომ უკრაინული ვერსიის ანალოგია, რაც ქართულად იყო თარგმნილი. დასკვნაში დავინახეთ, რომ ვენეციის კომისია შესაძლებლად მიიჩნევს, დეოლიგარქიზაციის შესახებ ცალკე კანონი არსებობდეს და გარკვეულ რეკომენდაციას გამოთქვამს.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტს რაც შეეხება, ვენეციის კომისიის მიერ ცვლილებები მიჩნეული იქნა მისაღებ ფაქტორად. ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნაში რაიმე კონკრეტული შენიშვნა გამოთქმული არ არის, თუმცა გარკვეული მინიშნებაა იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე. საუბარია ერთგვარ კორპორატივზე, რითაც ვენეციის კომისია გასცდა იმ ფარგლებს, რაც კონკრეტული დოკუმენტის შეფასებასთან იყო დაკავშირებული. როგორც ჩანს, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების კონტექსტიდან გამომდინარე უფრო იხელმძღვანელა. დასკვნაში ვენეციის კომისია დადასტურებულად ვერ საუბრობს, ამბობს, რომ მას სმენია, თუმცა  კორპორატივიზმის თაობაზე რაიმე მტკიცებულებები არ არსებობს, ისევე, როგორც „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვენეციის კომისია აბსოლუტურად მართებულად და ლეგიტიმურად მიიჩნევს, რომ პარლამენტი დაელოდოს საკითხების განხილვას საკონსტიტუციო სასამართლოში. მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, პარლამენტმა კანონმდებლობაში ასახვის თაობაზე იმსჯელოს.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ორივე კანონპროექტთან დაკავშირებით ძალიან კონსტრუქციული დასკვნები გაკეთდა. მზაობას გამოვთქვამთ, რომ როგორც კი ამ კანონპროექტებთან მიმართებით ეუთო/ოდირის დასკვნებიც მოვა, ორივე დასკვნის ფონზე აქტიური განხილვები, მსჯელობა გავაგრძელოთ საპარლამენტო ფორმატში, რათა საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე ორივე დოკუმენტთან მიმართებით საბოლოო პოზიცია და გადაწყვეტილება ჩამოყალიბდეს. უახლოესი კვირების განმავლობაში ეუთო/ოდირის დასკვნაც უნდა გამოქვეყნდეს“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები