რატი იონათამიშვილი: ხაბეიშვილი საუბრობს იმას, რასაც მერაბიშვილი ჩასძახებს
“ხაბეიშვილს საკუთარი აზრი არ გააჩნია და ის საუბრობს იმას, რასაც ვანო მერაბიშვილი ჩასძახებს”,- ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა რატი იონათამიშვილმა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობა” დესტრუქციით ქვეყნის მთავარ მიზნებს ეწინააღმდეგება.
“ვანო მერაბიშვილისგან ჩვენ ცოტა ხნის წინ მოვისმინეთ, თუ რა გეგმები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას” – ვისი ლიდერიც დღეს ნამდვილად არის მერაბიშვილი კეზერაშვილთან ერთად და რა ინტერესები აქვთ მათ. ეს არის ის, რომ საქართველო იყოს უკრაინის ომში ერთ-ერთი ფრონტის ხაზი, ეს არის მათი ამოცანა.
ამ ამოცანას ისინი, რასაკვირველია, ვერ შეასრულებენ, იმიტომ, რომ ჩვენი სახელმწიფო არის დღეს ძლიერი, ჩვენს სახელმწიფოს დღეს აქვს სრულიად სხვა მიზნები და ამოცანები, ეს არის ეროვნული უსაფრთხოება და გაწევრიანება ევროკავშირში. ისინი სწორედ ამ მთავარ მიზნებს ეწინააღმდეგებიან საკუთარი დესტრუქციით”,-აცხადებს რატი იონათამიშვილი.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა რუსთაველის გამზირზე 9 აპრილს საპროტესტო აქცია დააანონსა. ხაბეიშვილმა მმართველ გუნდს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებისკენ მოუწოდა.