რატი იონათამიშვილი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს მოძალადის ბუნება

“ქართული ოცნების” წევრი რატი იონათამიშვილი 7-8 მარტს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

როგორც დეპუტატი აცხადებს, რადიკალურ ოპოზიციას მოძალადის ბუნება აქვს.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ და რადიკალურ ოპოზიციას აქვს მოძალადის ბუნება. ისინი, როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ძალადობას, უკიდურეს აგრესიას და სისასტიკეს გამოხატავდნენ ჩვენი მოქალაქეების, პოლიტიკური ოპონენტების განსხვავებული, თავისუფალი აზრის წინააღმდეგ. როდესაც ახლა ოპოზიციაში არიან, ამ ექსტრემისტული ჯგუფებით ცდილობენ ძალადობა გამოხატონ. იმ პერიოდში გარკვეულ ეფექტს ახდენდნენ საზოგადოებაზე, ოკუპირებას ახდენდნენ ტელევიზიების, მათ შორის „იმედის“, რომელსაც ახლახან 20 წელი შეუსრულდა და აქვე მინდა მადლობა გადაგიხადოთ საქართველოს დემოკრატიისთვის რაც გაქვთ თქვენ, ჟურნალისტებს გაკეთებული, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.

დღეს უმთავრესია რეალური და კონკრეტული საქმის კეთება, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დღეს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ეს ტენდენცია კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს. საქართველოს მთავრობას აქვს უმნიშვნელოვანესი პროექტები, რომლებიც ქართულ ეკონომიკაში არის უდიდესი ინვესტიცია და ეს უნდა გამოვიყენოთ. ასევე, პარლამენტი მუშაობს იმ საკითხებზე რაც თითოეული მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია. ამის საპირწონედ ისინი ირჩევენ სიძულვილს ტირაჟირებას და აქვთ ასეთი ამოცანა, რომ თუ ვერ შეძლებენ ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლას, მაშინ სიძულვილით მაინც უნდა აავსონ საზოგადოება“, – განაცხადა იონათამიშვილმა “ქრონიკის” ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები