მიხეილ სარჯველაძე: არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, როგორ შეიძლება, ეს იყოს ნორმალურად შეფასებული?!

“არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ პოლიციელების წინააღმდეგ, როგორ შეიძლება, ეს იყოს ნორმალურად შეფასებული?! ვის რა წვლილი აქვს, გაირკვევა და რეაგირების გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ პრემიერის განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ფაქტებს სამართლებრივი შეფასება სჭირდება.

“პრემიერმა გააკეთა განმარტებები, თუ როგორ იქცეოდნენ, სხვათა შორის, რადიკალურად განსხვავებული იყო ცალკეული ჯგუფების ქმედება იმავე აქციაზე. იყო ერთი ჯგუფი ახალგაზრდებისა, რომლებიც რადიკალურად იქცეოდნენ და ყველაფერს ცდილობდნენ, რომ მოვლენები გასცდენოდა სამართლებრივ ფარგლებს, კონსტიტუციით ნებადართულ ფარგლებს, ყველაფერს აკეთებდნენ საიმისოდ და აბსოლუტურად არასაჭირო აგრესიას მიმართავდნენ ხელისუფლების წარმომადგენელი პოლიციელების წინააღმდეგ, თავდასხმებს ახორციელებდნენ, “მოლოტოვის კოქტეილებს” იყენებდნენ, ასეთ დროს ასეთ ქმედებებს ვინც მიმართავს, როგორ შეიძლება, ის იყოს ნორმალურად შეფასებული?! ბუნებრივია, ამას სჭირდება სამართლებრივი რეაგირება, სამართლებრივი შეფასება. ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს შეწყნარებული, არც ერთი სახელმწიფოს და არც ერთი საზოგადოების მხრიდან. ეს არის ქმედებები, რომელიც საზოგადოების მშვიდობიან განვითარებას ძირს უთხრის, ამიტომ კონკრეტული ჯგუფი, ვის რა წვლილი აქვს, ვინ მოქმედებდა კეთილსინდისიერად, ვინ არაკეთილსინდისიერად, ეს ბუნებრივია გაირკვევა და შეფასების და რეაგირების გარეშე ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დარჩება”, – განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, პრემიერმა განაცხადა: “ახალგაზრდები, რომლებიც სცენაზე იდგნენ, ყველანი იყვნენ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობასთან ან მათ სატელიტ ორგანიზაციებთან, 60-მდე პოლიციელია დაშავებული, რამდენიმე პოლიციელი ლამის ცოცხლად დაიწვა, ჩვენ ამას ვის ვაპატიებთ?! ყველა ეს ადამიანი უმკაცრესად იქნება დასჯილი”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები