ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის ოფისი განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” შეუსაბამოა ევროკავშირის ღირებულებებთან და საქართველოს პარლამენტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება ცუდი მოვლენაა საქართველოსა და მისი ხალხისთვის.
“საქართველოს პარლამენტმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონი პირველი მოსმენით მიიღო. ეს საქართველოსა და მისი ხალხისთვის ძალიან ცუდი მოვლენაა.
ეს კანონი მისი არსებული ფორმით სამოქალაქო საზოგადოების და მედიაორგანიზაციებზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხეს შეიცავს და საქართველოს ბევრ მოქალაქეს, ვისთვისაც ამ ორგანიზაციების მუშაობას სარგებელი მოჰქონდა, საზიანო შედეგებს მოუტანს. ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებსა და სტანდარტებთან შეუთავსებელია. ის ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ მიზანს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს მოქალაქეების დიდი უმრავლესობა უჭერს მხარს. მის საბოლოო მიღებას შეიძლება, ჩვენი ურთიერთობებისთვის სავალალო შედეგები მოჰყვეს.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, შეასრულოს თავისი ვალდებულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობასთან მიმართებით და შეგახსენებთ, რომ ხალხს მშვიდობიანი პროტესტის უფლება აქვს”, – წერია განცხადებაში.