რატი ბრეგაძე: ბევრს აღიზიანებს ის წარმატება, რასაც საქართველო აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
“მთელი ეს აჟიოტაჟი, რაც ამ კანონპროექტის გარშემოა, არის გამომდინარე სწორედ იქიდან, რომ ბევრს აღიზიანებს ის წარმატება, რასაც საქართველო აღწევს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ “ხალხის ძალის” კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კანონპროექტი ჯერჯერობით არ არის კანონი, შესაბამისად, განხილვის პროცესში თავისი აზრის გამოხატვა ყველას შეუძლია.
“საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიზიანებს ძალიან ბევრ ადამიანს, გასაგებია, ამის მიუხედავად, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ განხორციელდეს საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს კარგად დაიმახსოვრეთ.
საქართველო არის დემოკრატიული ქვეყანა და, მათ შორის, ოპოზიციის წარმომადგენლებსაც მოვუწოდებდი, რომ ნაცვლად ყვირილისა, ნაცვლად ხმაურისა, მივიდნენ და დააფიქსირონ ცივილურ ფორმებში თავიანთი პოზიცია, როგორც საკომიტეტო მოსმენებზე, ასევე, პლენარულ განხილვაზე.
კანონპროექტი ჯერჯერობით არ არის კანონი, შესაბამისად, ეს არის განხილვის პროცესი და ყველას შეუძლია, გამოხატოს თავისი აზრი. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ლოგიკურად დასაბუთებული წინადადება იქნება კანონში, საბოლოოდ, ასახული. როგორც ინიციატორი საუბრობს კანონპროექტის, ეს კანონპროექტი ემსახურება გამჭვირვალობის მიზანს, გამჭვირვალობაში მე, პირადად, ვერაფერ პრობლემას ვერ ვხედავ. დარწმუნებული ვარ, რომ, საბოლოოდ, თავად არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდათ, რომ იყვნენ რაც შეიძლება მაქსიმალურად გამჭვირვალე და დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ საკითხზე იქნება აუცილებლად მიღწეული“, – აღნიშნა ბრეგაძემ.