პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციაზე შეკრებილები „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებულ კანონპროექტს აპროტესტებდნენ, რომელსაც დღეს პარლამენტის საგარეო ურთიერთობებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს.

მოქალაქეები სკანდირებდნენ: „არა რუსულ კანონს“, „ეს კანონი დიდი რუსული კედელია ჩვენსა და ევროკავშირს შორის“.

ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელის ბლოკირებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცველებმა არ მისცეს.

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, სამართალდამცველებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ფაქტზე 4 პირი დააკავეს.

მოგვიანებით საკანონმდებლო ორგანოსთან ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა. აქტივისტებმა პოლიციის მისამართით სავარაუდოდ, კვერცხები ისროლეს. სამართალდამცველებმა დაპირისპირებისას კიდევ რამდენიმე პირი დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციაზე დაკავებულების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები