ირაკლი კობახიძე: ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის უბრალოდ ცრუპენტელაა

ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი. ვინც ამ კანონს რუსულს უწოდებს, ის  უბრალოდ ცრუპენტელაა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ დისკუსიაში, ვისაც ჰქონდა საშუალება თვალი ედევნებინა, დარწმუნდებოდა, რომ ეს ტყუილი გახდა აბსოლუტურად ცხადი.

„ტყუილზე მეტიცაა, სტიგმატიზაცია არ მოსწონთ, ამბობენ, რომ სიტყვა აგენტი ხელს შეუწყობს სტიგმატიზაციას. ამ დროს მათი მოგონილია, საბჭოური მეთოდები არსებობს და დაარქვეს კანონს რუსული კანონი, რაც არა მარტო სიყალბე, სიცრუე და ტყუილია, ეს არის უხეშ ტერმინს გამოვიყენებ, ჩვეულებრივი ცრუპენტელობა. ვინც  ამ კანონს რუსულ კანონს უწოდებს, ის არის უბრალოდ, ცრუპენტელა, არამარტო მატყუარა.

მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, საქართველოში ხომ ჩამოჰყავთ ამერიკული მანქანები და ჩამოიყვანეს „ფორდი“, ან „კრაისლერი“ და გიმტკიცებენ, რომ ეს არის „მოსკვიჩი“, ან „ჟიგული“. ამ დონის ცრუპენტელობასთან გვაქვს საქმე, რა შეიძლება ამას დაარქვა?

არის ორი კანონი, ერთი არის ამერიკული კანონის ზუსტი ასლი და დღეს ამაზეც კი ამტკიცებდნენ, რომ ესეც რუსულიაო, ამერიკულის ასლია, ერთადერთი, აშშ – საქართველოთია ჩანაცვლებული. დღეს იმ დისკუსიიდან პირდაპირ გამოჩნდა, რომ სტიგმატიზაციის მცდელობა – რუსული კანონი და ა.შ. არის ცარიელი სიყალბე და სირცხვილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მეორე – ქართულ კანონპროექტს, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არის გაფილტრული, გაკეთილშობილებული ვარიანტი.

„ამერიკული ვარიანტი არის ძალიან უხეში, კატასტროფული კანონია, პირდაპირ ვამბობ ამას, მეორე დოკუმენტი, რომელსაც ფორმალურად ვუჭერთ  მხარს ჩვენი პოლიტიკური პარტია. რაც შეეხება ქართულ ვარიანტს, ეს არის ბოლომდე დაწმენდილი, გაფილტრული, მოყვანილი შესაბამისობაში ადამიანის უფლებებთან. ამასაც უწოდებენ რუსულ კანონს. ანუ, ამერიკულს უწოდებენ რუსულ კანონს და ქართულ კანონს, რომელიც არის ამერიკულის გაკეთილშობილებული ვარიანტი, ამას უწოდებენ კიდევ უფრო რუსულ კანონს თუ პირიქით, აღარც მახსოვს. ეს არის უმძიმესი სიცრუე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები