კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს „ცისფერი ტრიოს“ წევრის – თამაზ სეფერთელაძის გარდაცვალების გამო

კულტურის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პოპულარული ქართული ანსამბლის, „ცისფერი ტრიოს“, წევრის, თამაზ სეფერთელაძის, გარდაცვალების გამო
„ქართული საესტრადო სიმღერის უბადლო შემსრულებელი თამაზ სეფერთელაძე ქალაქ თბილისში დაიბადა 1948 წლის 9 აგვისტოს.
1972 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი და, სხვადასხვა წლებში, ინჟინერ-მშენებლის სპეციალობით იკავებდა საპასუხისმგებლო პოზიციებს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ. 1994-1996 წლებში იყო საქართველოს საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობის საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
თამაზ სეფერთელაძე, პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, ერთგულად ემსახურებოდა ქართულ მუსიკალურ ხელოვნებას.
ინსტიტუტში სწავლის პერიოდში, 1972 წელს, მალხაზ თავართქილაძესა და დავით აბესაძესთან ერთად პოლიტექნიკური ინსტიტუტის ბაზაზე ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო”, რომელიც საქართველოს ტელევიზიისა და სახელმწიფო ფილარმონიის სახელით გამოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ ტრიო იყო საფრანგეთისა (კონფოლანის) და ავსტრიის (ვენის) საგაზაფხულო საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი. მათ გასტროლები ჰქონდათ მსოფლიოს 58 ქვეყანაში და ხშირად მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ საქართველოს კულტურის დღეებში.
1985-1995 წლებში ტრიო გასტროლებს მართავდა ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართულ ნაციონალურ ბალეტთან ერთად.
1981 წელს თამაზ სეფერთელაძეს, დავით აბესაძესა და მალხაზ თავართქილაძეს საქართველოს დამსახურებული არტისტის, 1984 წელს კი სახალხო არტისტის წოდება მიენიჭათ. 2002 წელს ტრიოს წევრები ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ.
2009 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ ლეგენდარული „ცისფერი ტრიოს“ ვარსკვლავი გაიხსნა და 15-წლიანი პაუზის შემდეგ ანსამბლი ერთგული მსმენელის წინაშე წარდგა.
2015 წელს „რადიო ჰოლდინგ ფორტუნას” მიერ ჩატარებული კონკურსის, „ოქროს ტალღის“, დაჯილდოების ცერემონიაზე „ცისფერ ტრიოს“ მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო ჯილდო გადაეცა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მადლიერებით მიაგებს პატივს თამაზ სეფერთელაძის ხსოვნას. უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს, კოლეგებსა და მთელ საქართველოს“, – ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები