“არა რუსულ კანონს” – არასამთავრობოები პარლამენტთან აქციას მართავენ

„არა რუსულ კანონს“, „რუსული კანონი გვაკარგვინებს ევროპას“, „რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი“ – ამ ლოზუნგებით პარლამენტთან მესამე სექტორის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

ორგანიზატორების თქმით, ისინი “ხალხის ძალის“ მიერ პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ აპროტესტებენ.

აქციის მონაწილეების თქმით, პარლამენტის თითოეული წევრი, ვინც მხარს დაუჭერს რუსულ კანონს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მოსპობაზე პირადად იქნება პასუხისმგებელი.

„იმ ადამიანებთან, რომლებიც აპირებენ – მხარი დაუჭირონ ამ კანონს, სალაპარაკო აღარაფერი მაქვს და არ ვიცი, რა უნდა ვუთხრა მათ. ერთადერთი შემიძლია, მივმართო საზოგადოებას და ვუთხრა ის, რომ ეს არის ცალსახად რუსული კანონი. ეს კანონი არის ზუსტად რუსული კანონის ანალოგი, ეს არის კანონი, რომელიც გვაშორებს ევროპასთან და ეს არის კანონი, რომელიც კლავს ჩვენს ევროპულ მომავალს და ევროინტეგრაციას. აქედან გამომდინარე, ეს არის კანონი, რომელიც ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გააკრიტიკა და პირდაპირ გვითხრეს, რომ გვაშორებს ევროპას. აქ იმისათვის ვარ მოსული, რომ ჩემი, ჩემი ქვეყნის და მეგობრების ევროპული მომავალი დავიცვა“, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, იურისტი ნიკა სიმონიშვილი.

შეგახსენებთ, პარლამენტში “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის რამდენიმე ვარიანტია დარეგისტრირებული, რომელთა განხილვაც კანონმდებლებმა დღეს დაიწყეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები