ლატვიის დაზვერვამ უკრაინაში ომის დასრულების სავარაუდო ვადები დაასახელა
რუსეთი უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებას არ გეგმავს და კიევზე თავდასხმის განახლებას ისევ განიხილავს.
ამის შესახებ ლატვიის კონსტიტუციის დაცვის ბიუროს (SAB) წლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც სადაზვერვო და კონტრდაზვერვის ფუნქციებს ახორციელებს.
„ჩვენი შეფასებით, საომარი მოქმედებები, სულ მცირე, 2023 წლის განმავლობაში გაგრძელდება. რუსეთის სტრატეგიული მიზნები არ შეცვლილა, ამიტომ, სავარაუდოდ, ის ზამთრის შემდეგ ახალი შეტევის განახლებას გეგმავს. რუსეთის რეჟიმი კიევზე თავდასხმის განხორციელებას ისევ განიხილავს. დონბასის აღება, მინიმალურ ტაქტიკურ მიზნად დარჩება“, – ნათქვამია ანგარიშში.
ასევე, აღნიშნულია, რომ გამარჯვებისთვის უკრაინას დასავლეთის მხრიდან გაცილებით მეტი სამხედრო მხარდაჭერა სჭირდება.
„როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას აკლია იარაღი და საბრძოლო მასალა, ამიტომ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც გავლენას მოახდენს მოვლენების შემდგომ განვითარებაზე, იქნება ორივე მხარის შესაძლებლობა, მოიპოვონ ან აწარმოონ იარაღი რაც შეიძლება სწრაფად“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ლატვიის სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა ამჟამად დაბალია, რადგან ამან შეიძლება, გამოიწვიოს ომში დასავლეთის უფრო პირდაპირი ჩარევა და რუსეთის მეგობარი ქვეყნების გაუცხოება, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი.
“ბირთვული იარაღის გამოყენება შესაძლებელია, თუ პუტინის აზრით, მისი რეჟიმის არსებობას საფრთხე დაემუქრება. ყოველ შემთხვევაში, ამის ნიშნები ჯერ არ არის”, – ნათქვამია დოკუმენტში.