2 მარტს მაჩაბლის 13-ში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება (ვიდეო)
2 მარტს მაჩაბლის 13-ში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი გაიხსნება.
„დიდი საბჭოთა ტერორის დროს მომხდარმა ტრაგედიებმა ჩვენი საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მაჩაბლის N13 მყარად დაუკავშირა 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს. 1921 წლის 28 თებერვალს, დავით სარაჯიშვილისეული სახლი, რომელიც იმ დროისთვის ცნობილ მრეწველსა და მეცენატს, აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა, საბჭოთა რევოლუციური კომიტეტის ბრძანებით მწერალთა და ხელოვანთა გაერთიანებას გადაეცა. ასე იწყება ამ სახლის საბჭოთა ისტორია, რომელიც მთელი ეპოქის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს მოიცავს.
რეპრესირებული მწერლების მუზეუმში დამთვალიერებელი გაეცნობა ტოტალიტარული სახელმწიფოსა და მწერლების ტრაგიკული დაპირისპირების ამბებს, იმ მექანიზმებს, რომლებსაც სისტემა „მწერლობის მოსათვინიერებლად“ იყენებდა“, – აღნიშნულია მწერალთა სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დიზაინის და კონცეფციის ავტორები არიან: მარიამ ნატროშვილი და დეთუ ჯინჭარაძე; მუსიკა: დავით ხორბალაძე.