გაერო: ომის დაწყებიდან უკრაინაში 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან 8 101 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 479 დაშავდა. დაღუპულთა შორის 488 ბავშვია.

მონაცემები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისმა გამოაქვეყნა.

დაღუპულთა შორის 3584 მამაკაცია, 2127 ქალი; 256 ბიჭი და 201 გოგონა, ასევე 31 ბავშვი და 1902 ზრდასრული, რომელთა სქესის დადგენა ვერ მოხერხდა.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი აღნიშნავს, რომ დაღუპულთა რეალური რაოდენობა გაცილებით მეტია, რადგან ინფორმაცია ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობდა, ჯერ მიუწვდომელია და ბევრი ცნობა ჯერ არ არის დადასტურებული.

აღნიშნული ეხება, მაგალითად, მარიუპოლს (დონეცკის ოლქი), ლისიჩანსკს, პოპასნას და სევეროდონეცკს (ლუგანსკის ოლქი), სადაც, სავარაუდოდ, უამრავი მშვიდობიანი მოქალაქეა დაღუპული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები