Wizz Air-ი 14 მარტიდან კიშინიოვის მიმართულებით ფრენებს აჩერებს
მოლდოვაში განვითარებული მოვლენებისა და საჰაერო სივრცეში შექმნილი მაღალი რისკის გამო, Wizz Air-ი 14 მარტიდან კიშინიოვის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.
„Wizz Air-ი ყურადღებით ადევნებს თვალყურს მოლდოვაში უსაფრთხოების ვითარებას და მუდმივ კონტაქტშია სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო უწყებებთან, რათა უზრუნველყოს ოპერაციების უსაფრთხოების უმაღლესი დონე. მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება რჩება Wizz Air-ის უმთავრეს პრიორიტეტად და მოლდოვაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და ქვეყნის საჰაერო სივრცეში მაღალი, მაგრამ არა გარდაუვალი რისკის შედეგად, Wizz Air-მა მიიღო რთული, მაგრამ საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, შეაჩეროს ყველა ფრენა კიშინიოვის მიმართულებით 14 მარტიდან“, – ნათქვამია Wizz Air-ის პრესრელიზში.
როგორც რუმინული მედია წყაროზე დაყრდნობით იუწყება, 14 მარტის შემდეგ Wizz Air მგზავრებს დამატებით ფრენებს იასიდან შესთავაზებს, რაც შეიძლება მოლდოვის მოქალაქეებს დაეხმაროს.
მათივე ცნობით, ეს იქნება ახალი მარშრუტი იასიდან ბერლინის მიმართულებით, ასევე გაიზრდება ფრენების სიხშირე ბარსელონაში, მილანის ბერგამოში, ბოლონიას, რომის ჩამპინოსა და ფიუმიჩინოს აეროპორტებში, დორტმუნდში, ლარნაკაში და ასევე, ლონდონში ლუტონისა და ტრევიზოს აეროპორტებში.