თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებით, კიევისთვის Abrams-ის ტანკების მიწოდებას ჯო ბაიდენი მხოლოდ გერმანიის ზეწოლის გამო დათანხმდა.
ამის შესახებ სალივანმა ტელეარხ ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
”თავდაპირველად, ბაიდენმა გადაწყვიტა, არ გაეგზავნა “აბრამსები”, რადგან სამხედროებმა თქვეს, რომ ამ ბრძოლაში ისინი ბრძოლის ველზე არ გამოდგებოდნენ”, – თქვა სალივანმა.
მისი თქმით, ბევრად სასარგებლო იქნებოდა გერმანული “ლეოპარდები”, რომლებიც ევროპის ბევრ ქვეყანას გააჩნია. მაგრამ მას შემდეგ, რაც გერმანელმა ოფიციალურმა პირებმა თეთრ სახლს უთხრეს, რომ ტანკებს დამოუკიდებლად არ გაგზავნიდნენ, ბაიდენმა გადაწყვეტილება შეცვალა.
„ასე რომ, ალიანსის ერთიანობის ინტერესებიდან გამომდინარე და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უკრაინა მიიღებს იმას, რაც სურს, მიუხედავად იმისა, რომ “აბრამსი” არ არის ის ინსტრუმენტი, რომელიც მას სჭირდება, პრეზიდენტმა თქვა: „კარგი, მე ვიქნები თავისუფალი სამყაროს ლიდერი. მე გავაგზავნი “აბრამსებს”, თუ თქვენ ახლავე გააგზავნით “ლეოპარდებს”. და ეს “ლეოპარდები” უკვე იგზავნება”, – თქვა სალივანმა.
ერთი დღით ადრე, პენტაგონის სპიკერმა, ქრისტინ ვორმუტმა თქვა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის დაპირებული ტანკების მიწოდებისთვის შესაძლოა, წელზე მეტი დრო დასჭირდეს.